ვაგნერის ჯგუფი რუსეთის არმიის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათი საქმიანობა ბევრად უფრო საჯარო გახდა, ხოლო გასულ თვეში, ვაგნერის ჯარების რაოდენობა ქვეყანაში სამჯერ გაიზარდა და 1000-ს გადააჭარბა.

  • ვაგნერის ჯგუფი ბოლო დროს აქტიურობდა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და არაერთხელ იყო ბრალდებული ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
  • ეს სამხედრო დანაშაულები მოიცავს ადამიანების მასობრივ მკვლელობასა და წამებას.
  • გერმანული დაზვერვა ეჭვობს, რომ ვაგნერის დაქირავებულები ასევე მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.
  • დოქტორი რამანი ამბობს, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ, ვაგნერ ჯგუფს ჰყავს დაახლოებით 5000 დაქირავებული ჯარისკაცი, რომლებიც მოქმედებენ მთელ მსოფლიოში.
  • ჯგუფი არსად არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს ჯგუფიდან დისტანცირდეს და მათ ჩრდილქვეშ იმოქმედოს.

ისტორია: BBC-ის გამოძიების მიხედვით, ვაგნერის ჯგუფი 51 წლის რუსეთის არმიის პენსიაზე გასულმა ოფიცერმა, დიმიტრი უტკინმა დააარსა.

  • იგი ჩეჩნეთის ომების ვეტერანი, სპეცრაზმის ყოფილი ოფიცერი და რუსეთის სამხედრო დაზვერვის GRU-ს ლეიტენანტ პოლკოვნიკია.
  • გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების სახლი უტკინმა ვაგნერის პატივსაცემად აირჩია, რომელიც ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორი იყო.
  • ვაგნერის ჯგუფი პირველად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს, 2014 წელს ამოქმედდა.
  • 2015 წელს ვაგნერის ჯგუფმა დაიწყო მოქმედება სირიაში, იბრძოდა სამთავრობო ძალებთან ერთად და იცავდა ნავთობის საბადოებს.
  • ჯგუფი 2016 წლიდან ლიბიაში აქტიურობს და მხარს უჭერს გენერალ ხალიფა ჰაფტარის ლოიალურ ძალებს.
  • ვარაუდობენ, რომ 1000-მდე ვაგნერის დაქირავებული მებრძოლი მონაწილეობდა ჰაფტარის წინსვლაში ტრიპოლის ოფიციალურ მთავრობაზე 2019 წელს.

ამასთანავე, 2017 წელს ვაგნერის ჯგუფი მიიწვიეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR) ალმასის მაღაროების დასაცავად.

  • ასევე ცნობილია, რომ ისინი მუშაობენ სუდანში, იცავენ ოქროს მაღაროებს.
  • ვაგნერის ჯგუფი მალის მთავრობამ მიიწვია, დასავლეთ აფრიკაში, ისლამური მებრძოლი ჯგუფებისგან თავდასაცავად.

კავშირები: სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო, GRU, ფარულად აფინანსებს და ზედამხედველობს ვაგნერის ჯგუფს.

  • რუსეთი გამუდმებით უარყოფდა, რომ ვაგნერს რაიმე კავშირი ჰქონდა სახელმწიფოსთან.
  • ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ცნობილია, როგორც პუტინის შეფ-მზარეული, აფინანსებს უტკინის დაჯგუფებას.
  • 2022 წლის სექტემბერში პრიგოჟინი აჩვენეს ფილმში, სადაც იგი ცდილობს რუსი პატიმრების გადაბირებას უკრაინაში ვაგნერის ჯგუფისთვის საბრძოლველად.

ფოტო: BBC

დანაშაულები უკრაინის ფარგლებს მიღმა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საფრანგეთის მთავრობა ვაგნერის დაქირავებულებს ადანაშაულებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურებასა და ძარცვაში.

  • 2020 წელს, შეერთებული შტატების სამხედროებმა ვაგნერის დაქირავებულები ამხილეს ნაღმების და სხვა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დადგმაში ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში.
  • "ვაგნერ ჯგუფის მიერ სახმელეთო ნაღმების და აფეთქებული ხაფანგების უგუნური გამოყენება ზიანს აყენებს უდანაშაულო მოქალაქეებს", — თქვა კონტრადმირალმა ჰეიდი ბერგმა, აშშ-ს არმიის აფრიკის სარდლობის დაზვერვის დირექტორმა.