ინფორმაციას ამის შესახებ ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი, ნიკა გურინი ავრცელებს.

რა მოხდა: დღეს, 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში დაგეგმილი იყო ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია — ილია, ჩვენი ევროპელი მამა.

  • როგორც შეხვედრის ორგანიზატორი წერს, რეგიონიდან ჩამოყვანილმა პირებმა ცენტრის პიკეტირება მოაწყვეს და ყველა შესასვლელი ჩაკეტეს.
  • "შეიკრიბნენ კოორდინირებულად, ნახევარი საათით ადრე და ბავშვებს, რომლებიც მოდიოდნენ შეხვედრაზე, ეუბნებოდნენ სად მიდიხართ, რა გინდათო", — განუცხადა On.ge-ის ნიკა გურინმა და აღნიშნა, რომ შეკრებილები ლევან ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
  • მისივე თქმით, შენობაში შესვლა ვერ შეძლეს და უსაფრთხოების გამო შეხვედრა გააუქმეს.
  • "გვეუბნებოდნენ ერეკლეს შვილიშვილები ვართ და თელავმა მოგიკითხათო", — ამატებს ის.
  • ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, როგორც ცნობილია, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
  • დამატებით ინფორმაციას On.ge შსს-სგან ელოდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც ლევან ბერძენიშვილმა მეფე ერეკლეს შესახებ ისაუბრა, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.

  • იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბერძენიშვილს აკრიტიკებდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.
  • რამდენიმე თვის წინ დეპუტატ სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ, როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა: "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".