თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ორთოპედი ჯეიმს კობი იკითხება — ის ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად ართრიტს ასახელებს, რაც კისრის და მარცხენა მხრის სახსრის ძლიერ ტკივილს იწვევს.

  • მისი განმარტებით, მენჯ-ბარძაყის ორივე და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შესაძლოა, იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი.
  • ასევე, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს კრუნჩხვებითაც.
  • ექიმმა თქვა, რომ ერთ-ერთი ციხის დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი გადაჰყავდათ ისეთ უცნაურ პოზიციაში, რა დროსაც დააზიანეს მისი კისერი.
  • მისი თქმით, ეს დაავადებები სასჯელის მოხდაში ხელს უშლის, ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილს და დღითიდღე სუსტდება.
  • მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის სურვილისა, ვივამედმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.

დეტალები: ჯეიმს კობი განმარტავს, რომ მან შეისწავლა და ერთმანეთს შეადარა ექსპრეზიდენტის მარჯვენა და მარცხენა მენჯ-ბარძაყი, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მარცხენაში გაცილებით შეზღუდული მოძრაობა იყო.

  • ექიმის თქმით, მას არ შეეძლო ვოლკერს, ე.წ ყავარჯენს, მარცხენა ხელით დაჰყრდნობოდა.
  • "მეორედ შევამოწმე, რათა დავრწმუნებულიყავი ჩემს მიგნებებში. ნოემბერში მას გაუკეთდა ემერაი. კვლევის შედეგად დავადგინე, რომ მას ჰქონდა ართრიტი. ასევე აღმოვაჩინე ღრმა ღარი ძვლის თავზე, რაც სავსებით შეესაბამებოდა დასკვნას", — განაცხადა ჯეიმს კობმა.
  • მისი თქმით, სააკაშვილს ართრიტი აქვს მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში, რაც ასევე აღმოჩენილია ხერხემლის სვეტის მიდამოში.
  • განმარტა, რომ ვერცხლისწყალი არის ერთ-ერთი ის ელემენტი, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას.

ჯეიმს კობი ამბობს, რომ სააკაშვილს სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, ასევე მარცხენა მხრის სახსარზე და მენჯ-ბარძაყის სახსარზეც. მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოძრაობას ვეღარ შეძლებს.

  • აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გაუკეთდეს ქირურგიული ოპერაცია კისრის მიდამოში.
  • "მას არ ეწეოდა ადეკვატური დიაგნოსტირება და მკურნალობა. მას შემდეგ, რაც მისი ემერაის შედეგები ვნახე, დავრწმუნდი, რომ ის ნამკურნალები არ არის და მდგომარეობა უარესდება", — თქვა კობმა.