უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

რა მოხდა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა და თქვა, რომ სანქციებზე საქართველოს მთავრობის პოზიცია მის "პატივისცემას" იწვევს.

  • ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა.
  • რაც შეეხება კობახიძეს, მან თქვა, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოლეგ ნიკოლენკო წერს, რომ ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებას.

  • მისი შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.
  • "ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან", — დაწერა მან.

არქივიდან: პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ.

  • ამავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება, ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერებაზეც.
  • რუსეთი მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს დროებითი ნაბიჯი იყო და მისი მთავარი მიზანი საქართველოში "სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა" იყო.