ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 იანვარს, რამშტეინის შეხვედრაზე ბერლინს კვლავ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard 2-ის მიწოდებაზე.

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
  • უკრაინის თავდაცვის მინისტრი კმაყოფილია რამშტეინის შეხვედრის შედეგებით, გამოყოფილი სამხედრო დახმარებით და "გარღვევს" უწოდებს იმ შეთანხმებას, რომ გერმანული ტანკების გამოყენების შესასწავლად უკრაინელი სამხედროები წვრთნებს გაივლიან.
  • 21 იანვარს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სახელით, მოუწოდა გერმანიას დაუყოვნებლივ მიაწოდოს უკრაინას ტანკები.

დეტალები: ვოლოდინის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში, მასობრივი იარაღის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული არგუმენტები ძალას დაკარგავს.

  • "თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება იმ ქალაქებზე დასარტყმელად, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, და ისინი შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, როგორც იმუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით", — განაცხადა დუმის სპიკერმა.
  • ვოლოდინის შეფასებით, რუსეთს შეიარაღებაში აქვს ტექნიკური უპირატესობა და "აუცილებელია ეს უცხოელმა პოლიტიკოსებმა სწორად აღიქვან".
  • ასევე, ბირთვული მუქარები ტრადიციულად გააქტიურა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.