ნათია ბერიძე პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მედიის, POSTV-ის ჟურნალისტია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც ლევან ბერძენიშვილმა მეფე ერეკლეს შესახებ ისაუბრა, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.

  • ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას კოორდინირებული სახე აქვს.
  • იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბერძენიშვილს აკრიტიკებდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.
  • რამდენიმე თვის წინ დეპუტატ სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ, როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა: "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".

დეტალები: ნათია ბერიძემ ვიდეო, როგორ მიდის ბერძენიშვილთან და როგორ აყენებს მას შეურაცხყოფას, თავადვე გაავრცელა.

  • "ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ", — ეუბნება ბერიძე ქუჩაში ბერძენიშვილს "მთელი საქართველოს" სახელით.
  • მას შემდეგ, რაც ბერიძემ ვიდეო გაავრცელა, ერთ-ერთმა პროსახელისუფლებო ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, დაწერა, რომ ჟურნალისტის ქმედება "გულწრფელი და უშუალო" იყო.
  • ბერძენიშვილი აბაშიძემაც შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია: "ლევან ბერძენიშვილი და ყველა ის, ვინც ებრძვის საქართველოს, მის ისტორიას, ტრადიციებს, ფასეულობებს, ეკლესიას, სახელოვან ხალხს არის არაკაცი და სამარცხვინო!"

კონტექსტი: 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივი ჯგუფები პიკეტით დახვდნენ და ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

  • შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატედ შერაცხველი" კახეთში არ ელოდნენ.
  • როგორც ბერძენიშვილი ფორმულასთან ამბობს, ალტ-ინფოს ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ეს პირები პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრები იყვნენ.
  • DRI-ის შეფასებით, მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია.
  • ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება.