ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან ერთად განაცხადეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქცია რუსთაველზე, რუსეთი უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე გაიმართება.

  • ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ აქციას რამდენიმე მთავარი მიზეზი და მიზანი ექნება, რის გარშემოც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს.
  • მათი განმარტებით, პირველი არის ის, რომ არანაირი დეზინფორმაცია არ მუშაობს და არასდროს გადაიხედება ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან ერთად ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობაზე.
  • მეორე მიზანია, უკრაინელ ხალხს უთხრან, რომ როგორც ქართველი გმირები იბრძვიან მათთან ერთად, ასე მედგრად დგას მათ გვერდით ამაყი და მამაცი ქართველი ერი.
  • მესამე და ყველაზე მნიშვნელოვნად კი ქართველი გმირების პატივისცემად შეკრებას ასახელებენ.

დეტალები: პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ძლიერი საქართველოს იდეა, ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად და სწორედ ის აერთიანებთ, რაც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.

  • "ჩვენ, ქართველ ხალხს, კარგად გვესმის ამ ბოროტებასთან ბრძოლის ფასი,
    თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, მტერზე გამარჯვების ფასი. ამიტომ
    ქართველი ხალხი ომის დაწყების წუთიდან განსაკუთრებულად სოლიდარულები
    ვართ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ. განსხვავებით
    საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ მხარს არ უჭერს უკრაინას,
    არამედ ლაჩრულად ემხრობა პუტინის რუსეთს", — ნათქვამია საერთო განცხადებაში.
  • პარტიების ლიდერებმა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ უკრაინის ფრონტის ხაზი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.
  • "24 თებერვალს დავიწყოთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე - ევროპულ, თავისუფალ, მშვიდობიან, დაცულ საქართველომდე. გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო!", — აცხადებენ ორგანიზატორები.
  • "დღეს ამ არჩევანის კითხვისნიშანის ქვეშ დაყენება უნდათ, უნდა გადახედოს ძალამ, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაშია. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას", — აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.