დანაშაულის გახსნის პროცესის გასამარტივებლად ოფიციალური სტრუქტურები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ხოლმე: ჰაბიტოსკოპიურ სისტემებს — სახის ამოსაცნობად, დაქტილოსკოპიურს — თითის ანაბეჭდების, ხოლო ბალისტიკურს — იარაღისა და ტყვიების. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გამოყენებული სამი სისტემიდან ორი რუსული კომპანია PAPILLON-ის შექმნილია, ერთი — ბელარუსული TODES-ის.

შსს-მ PAPILLON-თან თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო ჰაბიტოსკოპიური სისტემა POLYFACE-ის შესყიდვით, რაც 2017, 2018 და 2020 წლებში აპლიკაციის განახლებების შესყიდვითაც გაგრძელდა. ბალისტიკური სისტემა ARSENAL, ამავე მწარმოებლის მიერ, საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურაში 2018 წლიდან გამოიყენება. ხოლო TODES-ის თითის ანაბეჭდის სერვისის განახლებები შსს-მ 2013 და 2015 წლებში შეისყიდა.

საერთო ჯამში შსს-მ ქართული ბიუჯეტიდან 1,360,576 ლარი გამოყო რუსული და ბელარუსული კრიმინალისტიკური სისტემების შესასყიდად.

PAPILLON AO 1991 წელს დაარსდა ქალაქ მიასში, ჩელიაბინსკის ოლქში. კომპანიას ფლობენ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ ზაიცევი და მოადგილე ივან შაპშალი. Papillon-ის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები გავრცელებულია რუსულ ძალოვან სტრუქტურებში, ჩრდილოეთ კორეაში, თურქეთში, ინდოეთში, ნიგერიასა და რამდენიმე პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოში. კომპანიის სისტემები გამოიყენება აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაშიც.

BuzzFeed News-ის მიხედვით, PAPILLON თავისივე პუბლიკაციებში ტრაბახობს ახლო თანამშრომლობით სხვადასხვა რუსულ სამინისტროსა და ФСБ-სთან — უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, რომლის წინამორბედი საბჭოთა კგბ-ა. ფსბ რამდენჯერმე ყოფილა ეჭვმიტანილი აშშ-ზე ჰაკერულ თავდასხმაში. შაპშალი ამბობს, რომ კომპანიის თითის ანაბეჭდის ამომცნობი ტექნოლოგია რუსულ პოლიციას წელიწადში დაახლოებით 100,000 საქმის გამოძიებაში ეხმარება.

"თუ ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარება შეუძლია, კმაყოფილი ვართ მათთან "სიახლოვით", როგორც აღნიშნეთ“, — ამბობს შაპშალი. "ბედნიერი ვიქნებით მსოფლიოს ნებისმიერ უსაფრთხოების სტრუქტურასთან სიახლოვით მიღებული თანხებით".

PAPILLON-ის ჰაბიტოსკოპიური (სახის ამომცნობი) სისტემა "POLYFACE"

სახის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე "ეფექტიანი" ხელსაწყოა, რომელსაც კრემლი მასობრივად იყენებს პროდემოკრატიული გამოსვლების ჩასახშობად. რუსული სისტემები იმდენად დაუცველია, რომ სამეთვალყურეო ბიომეტრიული მონაცემების ყიდვა მცირე თანხით შეიძლება ცნობილ კიბერ შავ ბაზარზე, ე.წ. probiv-ზე.

მსოფლიო თანდათანობით იაზრებს, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება მასობრივი თვალთვალისთვის არაეთიკურია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ხელყოფს. კონფიდენციალობის დარღვევის გამო მსოფლიოს არაერთმა კომპანიამ წააგო სასამართლო დავა — ჯარიმის გადახდის გარდა, ამ კომპანიებმა საერთოდ შეწყვიტეს სახის ამომცნობი ალგორითმების გამოყენება და არსებული მონაცემთა ბაზები წაშალეს. ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოს შსს კრემლთან დაკავშირებული რუსული კომპანიის სისტემებს იყენებს "საგამოძიებო მოქმედებების ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი წესის დაცვისთვის".

PAPILLON-ის ბალისტიკური სისტემა "ARSENAL"

ARSENAL-ის პირველი ინსტალაციები 1995 წელს შეიქმნა და დღეს ოცზე მეტი ქვეყანა იყენებს, მათ შორის, ძირითადად შუა აზიისა და აფრიკის ქვეყნები, თურქეთი და პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები.

TODES-ის დაქტილოსკოპიური (თითის ანაბეჭდის ამომცნობი) სისტემა "DAKTO-2000"

PAPILLON-ს თუ ის მაინც შეუძლია თქვას, რომ მათი სერვისები გავლენიანმა უცხოურმა კომპანიებმა აღიარეს, TODES იმით ტრაბახობს, რომ ლიცენზიების უმეტესობა თვით ბელარუსიდანვე აქვთ. გარდა ამისა, თავიანთი სისტემების სიზუსტესა და სანდოობას ადასტურებენ იმით, რომ თითის ანაბეჭდის საიდენტიფიკაციო სისტემებს უკვე დიდი ხანია, ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ TODES-ის სისტემებმა "წარმატებით" გაიარეს რუსეთისა და უკრაინის შსს-ების ფართომასშტაბიანი ტესტირება.

თუმცა საქართველო და ბელარუსი DAKTO-2000-ს შექმნამდე დიდი ხნით ადრე უკვე თანამშრომლობდნენ კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში. 1995–2015 წლებში არსებობდა შეთანხმება სახელწოდებით "საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ". 2016 წელს კი განახლებულ შეთანხმებას დაარქვეს "საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ". 5-წლიანი პროცედურული დაზუსტებების შემდეგ, 2021 წლის 1 აგვისტოდან შეთანხმება ძალაში შევიდა.

დიქტატორული ქვეყნები საზოგადოებებზე კონტროლის მოსაპოვებლად და მოწინააღმდეგე ქვეყნების უსაფრთხოების დასარღვევად უფრო და უფრო მასობრივად იყენებენ პერსონალურ მონაცემებს. რუსეთი საქართველოსგან ტერიტორიას ითვისებს — ხან ომით, ხან — მცოცავი ოკუპაციით. ახლა კი უკვე პასუხგასაცემია მნიშვნელოვანი კითხვა — მაშინ, როცა PAPILLON-ისა და TODES-ის ხელოვნური ინტელექტი კრიტიკულად მნიშვნელოვან ბიომეტრიულ მონაცემებს აგროვებს, გამართლებულია მტრულ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა?

მასალა შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის მულტიმედიური კონკურსის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია "ფორსეტი". პროექტის მედია მხარდამჭერია NEXT.On.ge.