ანდრეი მედვედევი, რუსული დაქირავებული ჯგუფის, ვაგნერის ყოფილი მეთაური 13 იანვარს ნორვეგიაში გაიქცა და თავშესაფარს ითხოვდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვაგნერის ჯგუფი რუსეთის არმიის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

  • ჯგუფი არსად არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს მისგან დისტანცირდეს და მათ ჩრდილქვეშ იმოქმედოს.
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათი საქმიანობა ბევრად უფრო საჯარო გახდა, ხოლო გასულ თვეში, ვაგნერის ჯარების რაოდენობა უკრაინაში სამჯერ გაიზარდა და 1000-ს გადააჭარბა.
  • ვაგნერის ჯგუფი ბოლო დროს აქტიურობდა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და არაერთხელ იყო ბრალდებული ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
  • ეს სამხედრო დანაშაულები მოიცავს ადამიანების მასობრივ მკვლელობასა და წამებას, ხოლო გერმანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ვაგნერის დაქირავებულები მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ წამებასა და მკვლელობაში.
  • აშშ-მ ვაგნერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის შეჭრაში უკრაინაში, მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად დაასახელა.

დეტალები: ორშაბათს, ნორვეგიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ მედვედევი დაკავებულია და დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.

  • "ვეცდები პოლიციას დაველაპარაკო და გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით", — აცხადებს მისი ადვოკატი.
  • მედვედევმა Guardian-თან მოკლე სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ იგი დააკავეს და გამოთქვა შეშფოთება, რომ მას რუსეთში დეპორტაციას უპირებენ.
  • გაქცევამდე მედვედევმა თქვა, რომ იგი უკრაინაში შეესწრო დაჯგუფების მეთაურების მიერ სხვადასხვა მიზეზის გამო ვაგნერის მებრძოლების მკვლელობას.
  • მედვედევი ირწმუნება, რომ მზადაა თქვას ყველაფერი, რაც ვაგნერის დაჯგუფების, საქმიანობისა და ლიდერის — ევგენი პრიგოჟინის შესახებ იცის.