უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

რა ხდება: 23 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ.

  • ომში მყოფი ქვეყნის დატოვება აეკრძალათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
  • ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დაანონსა და განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა.

გარდა ამისა, უკრაინის მმართველი ფრაქციისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში.

  • მანვე დააანონსა თანამდებობიდან მოადგილის გათავისუფლება, რადგან პაველ ხალიმონმა ომის პერიოდში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა.
  • არახამიას განცხადებით, მისი მოადგილის ქცევა არ შეესაბამება მათ ფასეულობებსა და ხედვას იმაზე, რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს.

დეტალები: უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

  • უკრაინული მედიების ცნობით, გენპროკურორის მოადგილე ოჯახთან ერთად ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში ისვენებდა, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.
  • დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
  • ვიაჩესლავ შაპოვალოვი უკრაინელი სამხედროებისთვის საკვები პროდუქტების ძვირადღირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა.
  • პოსტს ემშვიდობება ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო.
  • მან გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა და ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი სამხარეო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელის გადაყენებას გეგმავს.

  • საუბარია დნეპროპეტროვსკის (ვალენტინ რეზნიჩენკო), ზაპოროჟიეს (ალექსანდრე სტარუხი), კიევის (ალექსეი კულება), სუმისა (დიმიტრი ჟივიცკი) და ხერსონის (იაროსლავ იანუშევიჩი) რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელებზე.

მანამდე, უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

  • უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ვასილი ლოზინსკინს 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. საქმე გენერატორების შეძენას ეხება.