ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ ადგილობრივ მედიებს განუცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სოლედარი დონეცკის ოლქის პატარა ქალაქია, რომლისთვისაც ბოლო დროს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.

  • 11 იანვარს რუსულმა სამხედრო დაჯგუფებამ, ვაგნერმა განაცხადა, რომ სოლედარი აიღეს, რაც არცერთი წყაროთი არ დადასტურებულა.
  • 13 იანვარს იმავეს მტკიცება დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, თუმცა უკრაინამ განაცხადა, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
  • ომის კვლევის ინსიტუტის ბოლო ანგარიშით, ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებდა იმაზე, რომ უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებდნენ ქალაქში ორგანიზებულ თავდაცვას.

დეტალები: ВВС News Ukraine-სთან ჩერევატი ამბობს, პერსონალის სიცოცხლის გადასარჩენად თავდაცვის ძალები გამოვიდნენ სოლედარიდან და წინასწარ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე გამაგრდნენ.

  • მისი თქმით, მიუხედავად რიცხოვანი უპირატესობისა, სოლედარის მცველებმა დიდი ზარალი მიაყენეს მტერს: "რაც შეიძლება შევადაროთ აგრესორის დანაკარგებს ჩეჩნეთის ორ ომში".
  • სუსილნესთან საუბარში კი ის აღნიშნავს, რომ მცველებმა შეასრულეს მთავარი ამოცანა: "არ მისცეს მტერს საშუალება, სისტემატურად გაერღვიათ ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით და შესულიყვნენ უკანა მხარეს, შემდეგ კი საოპერაციო სივრცეში".
  • "თითოეული მეთაური იღებს გადაწყვეტილებებს მისი ჯარების მაქსიმალური სარგებელის საფუძველზე. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც ჩვენს მტერს — სასაკლაოზე დავტოვოთ მებრძოლები. ჩვენ ვცდილობთ მანევრირებას, ცეცხლით შეტევას, მცირე ჯგუფების ტაქტიკის გამოყენებას", — განაცხადა მან.

რაში სჭირდება რუსეთს სოლედარი: რუსეთისთვის სოლედარს სტრატეგიულზე მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს — სურს, ფრონტის ხაზზე 11-თვიანი სრული კრახი როგორმე "წარმატებით" დაასრულოს.

  • აგრესორს იმედი აქვს, რომ სოლედარი იქნება პირველი უკრაინული ქალაქი დონბასის ქვანახშირის რეგიონში, რომელსაც დაიპყრობს.
  • სოლედარს ახლა ბახმუტის გასაღებსაც ეძახიან — მისი დაპყრობის პერსპექტივა რუსეთის წარმატების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, საგრძნობლად გაიზრდება საშიშროება, რომ ბახმუტიც დაეცემა.
  • სამხედრო ექსპერტები განმარტავდნენ, რომ, თუ რუსები ჩრდილოეთ სოლედარს დაიკავებდნენ, მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, სხვა პოზიციებზე გადავიდნენ, რათა ბახმუტი ნახევარწრეში შეიყვანონ.