ახალ სტატიაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ამბობს, რომ Credit Suisse-ისთან დავა "მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო".

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში $600-მილიონიანი დავა მოუგო.

  • სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
  • ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა.
  • ბანკმა თანხის გადარიცხვის შეფერხება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი ახსნა, შემდეგ კი ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კითხვები გაუგზავნა.
  • ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრზე ზეწოლად შეაფასეს.

ივანიშვილზე სტატია 25 იანვარს ერთი და იმავე სათაურით, რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებაზე გამოქვეყნდა, თუმცა მითითებულია, რომ ის პრესრელიზია და ფასიანად განთავსდა.

  • სტატიის — "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში" — პირველწყაროდ ყველა მედიაზე მითითებულია CS Victims, თუმცა არ ჩანს, ვინ არის ავტორი.
  • CS Victims პოზიციონირებს, როგორც Credit Suisse-ს მიერ დაზარალებული კლიენტების შექმნილი პლატფორმა.
  • გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც 7-წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, "ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც", სადაც კლიენტებთან ურთიერთობების "მსჯავრდებულმა მენეჯერმა ჩაიდინა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი".

რას ამბობს ადვოკატი: მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას როგორც არაფორმალურ სანქციებს ისე განიხილავენ.

  • "ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას";
  • "ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის", — წერს ადვოკატი.

გარდა ამისა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ აქტივები იმართებოდა და იმართებოდა ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ივანიშვილისთვის Credit Suisse-მა გაუწია.

  • "ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს Credit Suisse-ში";
  • "გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე ტრასტის დახურვას დასჭირდება რთული იურიდიულ პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავს Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა";
  • წერილში რუსეთის ომი უკრაინაში, მოხსენიებულია კონფლიქტად და ნათქვამია, რომ "კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები".
  • "მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.