ამის შესახებ კლინიკა ვივამედის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV იმედის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

  • სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • ამერიკელი ნევროლოგი კი აცხადებს, რომ სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.
  • 24 იანვარს ექსპრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც აჩენს შიშს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდება.

დეტალები: მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი 24 იანვარს დაუდასტურდა.

  • ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
  • "კოვიდ დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია კოვიდის მიმდინარეობის პირობებში. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში და შესაბამისად მას უტარდება ის აუცილებელი მკურნალობა, რომელიც არის ნაჩვენები ამ კონკრეტულ შემთხვევაში", — განმარტავს ჩხაიძე.