ამის შესახებ გიორგი კირთაძემ და მირტად ქამადაძემ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნების დასრულების შემდეგ ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: არჩევნების შედეგები დღეს გახდა ცნობილი და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

  • არჩევნებში კირთაძე და ქამადაძე ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერდნენ მხარს.
  • ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენმდივანი გიორგი კირთაძე უნდა გამხდარიყო
  • მათი განცხადებით, მმართველი რგოლიდან მიდიან, თუმცა პარტიაში რჩებიან.

დეტალები: კირთაძემ, რომელიც ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებაც უსურვა.

  • "ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებისთვის";
  • "რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც მოახერხა გამარჯვება. ამიტომ, ბუნებრივია, აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი", — ამბობს ის TV პირველთან.