ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან რუსი მაღალჩინოსნები ბირთვულ მუქარებს აჟღერებენ.

  • რიტორიკა განსაკუთრებით ძლიერდება, როცა უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს ან განსაკუთრებით დიდი მასშტაბების სამხედრო დახმარებას იღებს.
  • BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერაც დღეს იგეგმება, მოთხრობილია პუტინის ურთიერთობებზე მსოფლიო ლიდერებთან.

დეტალები: ბორის ჯონსონის თქმით, მას თებერვალში პუტინთან გრძელი სატელეფონო ზარი ჰქონდა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს არწმუნებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სრული კატასტროფა იქნებოდა.

  • ჯონსონმა გააფრთხილა პუტინი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის სანქციებს და ნატოს მეტი ჯარის განლაგებას რუსეთის საზღვრებთან.
  • ჯონსონი იხსენებს, რომ საპასუხოდ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა და განუცხადა: "ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება".

ამასთანავე, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარსაც მიმოიხილავს.

  • ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში დახმარება შესთავაზა.
  • "მან არ მიიღო შემოთავაზება, და გმირულად დარჩა იქ, სადაც იყო", — იხსენებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი.