აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, Youtube არხ კიბერ კმარაზე გავრცელდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ კი ავთენტურობა პირველ არხთან დაადასტურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2008 წლის შემდეგ პირველია, როდესაც საქართველო-რუსეთის ოფიციალურ პირები ერთმანეთს პირადად ესაუბრებიან — ის 2012 წლიდან დაიწყო.

  • გავრცელებულ ჩანაწერში, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო "კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით" და სურს, ისინი რეგულარული გახდეს.
  • აბაშიძის თქმით, საუბარი 20 ან 21 ივნისს შედგა.
  • როგორც თავად განმარტავს, ამ დროს რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით და კარასინთან ე.წ. პრაღის ფორმატში ჰქონდა კავშირი.

რა ისმის გავრცელებულ ჩანაწერში: კარასინი და აბაშიძე საუბარს ერთმანეთის და ოჯახის წევრების მოკითხვით იწყებენ. რის შემდეგაც კარასინი განმარტავს, რატომ დაურეკა.

  • მისი თქმით, ესაუბრა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას და სურს, აბაშიძეც საქმის კურსში იყოს.
  • აცხადებს, რომ სამინისტროში კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებიც "პროდუქტიული იყო და აჩვენა ორმხრივი ინტერესი ზედა ლარსის და სხვა პრობლემების მოგვარებაში".
  • "უფრო მეტიც, მათ სურთ ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ. სულერთია, ტრანსპორტის საკითხები გართულებული იქნება თუ არა, მაინც იჩენს თავს კონკრეტული პრობლემები. მიმანიშნეს კიდეც იმაზე, რომ მათ პერსპექტივაში აქვთ გეგმა რაღაც ახალი კორიდორის მშენებლობის, რომელიც ჩვენ და თქვენ დაგვაკავშირებს", — აგრძელებს კარასინი საუბარს.
  • აბაშიძის დასაზუსტებლად კითხულობს, სად იქნება ეს კორიდორი, რაზეც კარასინი ამბობს: "არ ვიცი. რუკა არ გვქონდა ხელში, მაგრამ ეს კრასნოდარის ოლქიდანაა პირდაპირ ტერიტორიაზე... მე როგორც ვხვდები, ეს რაღაც ადგილია, დაახლოებით რომ ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ".

პასუხად აბაშიძე კარასინს ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით პარალელური ახალი გზის მშენებლობაზე ესაუბრება.

  • კარასინი ამბობს, რომ ამ ამბავზე აბაშიძე უფრო ინფორმირებული ყოფილა და "როგორც ჩანს, ისინიც (სავარაუდოდ, სამინისტრო) ამას გულისხმობდნენ".
  • აბაშიძე მას ეუბნება, რომ საწყის ეტაპზე ამაზე ერთად ნალაპარაკებიც აქვთ.
  • კარასინი იმეორებს, რომ სურს აბაშიძე ინფორმირებული იყოს და "მთავარია ხელი შეუწყონ იმას, რომ თუ საჭიროება ჩნდება, ერთმანეთში იკონტაქტონ".

  • "მათ კონტაქტი აქვთ. ფაშინიანმაც კი გამოგზავნა თავისი მინისტრი საზღვარზე და ის შეხვდა რუს [მინისტრს]. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ისეთი აზრია და უკვე შეუძლებელია გადაარწმუნო, რომ შეუძლიათ მათ მხარეს უფრო მეტი მანქანა გაატარონ", — ამბობს აბაშიძე, რაც კარასინს "შესანიშნავად" მიაჩნია.

  • "ახლა, გულწრფელად რომ ვთქვათ, საუბარი იმაზე, რომ სადღაც რაღაცას ვიწყებთ, ამის დრო არ არის", — ამბობს აბაშიძე და კარასინი უდასტურებს, რომ ახლა "ცოტა არაადეკვატურია" და გაიგო.
  • აბაშიძემ იკითხა მისცემდა თუ არა კარასინი რამე ინფორმაციას, თუ ახლა არ იყო საჭირო, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

კარასინი-აბაშიძის დიალოგი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტების, სამუშაო გეგმების და ამინდის განხილვით გრძელდება.

  • აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ არც ცხელა, არც ცივა და კარგი, სასიამოვნო ამინდია.
  • "კარგი. ხელს გართმევ. შენები მომიკითხე. ნახვამდის, გეხვევით", — ასე ასრულებს საუბარს კარასინი და პასუხად აბაშიძის მადლობებს იღებს.

რა თქვა აბაშიძემ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ: მან აღნიშნა, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა, მაგრამ ვერ მიხვდა, "სასკანდალო რა არის".

  • "ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო";
  • "დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა";
  • "ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის, სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი, ამაზე ვსაუბრობდით", — ამბობს აბაშიძე.

გარდა ამისა, აბაშიძის განცხადებით, საუბრობს, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს.

  • "რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა", — აცხადებს აბაშიძე.

არქივიდან: იუთუბ არხ კიბერ კმარა ისაა, სადაც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი გამოქვეყნდა.

  • ჩანაწერში საუბარია იყო ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.