ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2022 წლის დეკემბრის კვლევა გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.

  • თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად;
  • გარდა ამისა, კვლევის თანახმად, საქართველოში ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია და მას გამოკითხულთა 73% უჭერს მხარს.
  • NDI-ის ცნობით, ნატოს მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია — "არ ვიცი" პასუხების ხარჯზე, რაც გამოკითხულთა 47%-ს შეადგენს.

ევროკავშირი: კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა — 81%.

  • ევროკავშირის მხარდაჭერაც ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია — "არ ვიცი" პასუხების ხარჯზე.
  • გაწევრიანების სასარგებლოდ ყველაზე დიდი პოზიტიური გარდატეხა უმცირესობათა დასახლებებში და ქართული ოცნების ამომრჩევლებში მოხდა.
  • კვლევის მიხედვით, მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს — 30% ფიქრობს, რომ დაუახლოვდა, 29%-ის აზრით არ შეცვლილა, 25%-ს კი ჰგონია, რომ დაშორდა.
  • ასევე, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა და მათი მესამედი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს.

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

  • საველე სამუშაოების პერიოდი 2022 წლის 3-20 დეკემბერი იყო, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 519 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.
  • წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) განხორციელდა.
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%, თუმცა ის იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.