საერთო განცხადებას ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, პირველ თებერვალს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ის დისტანციურად ჩაერთო.

  • კადრებში ჩანდა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია — ამაზე ისაუბრეს ექიმებმაც, რომლებიც პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ.

დეტალები: ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე არაერთი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს — ამას ადასტურებს სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმიც.

  • ხაზს უსვამენ ომბუდსმენის პოზიციასაც, რომლის თანახმადაც, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი.

მოუწოდებენ სასამართლოს, გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტების დასკვნები და უმოკლეს ვადაში მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.

  • "ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი", — წერენ ისინი.

ხელმომწერები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი.

  • მათი სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.