ამის შესახებ ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის ოფისში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 6 თებერვალს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, არ დააკმაყოფილა.

  • მალევე, პარტიის წევრებმა ენმ-ის ოფისში დაიწყეს შეკრება — ადგილზე მივიდა ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და განაცხადა, რომ საჭიროა კონსოლიდაცია.

რას აპირებენ: ხაბეიშვილის თქმით, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხი "ყოველდღიური მღელვარება და სახალხო პროტესტი" იქნება, პარტია კი საგანგებო რეჟიმზე გადადის.

  • მისი განცხადებით, აღარ მიიღებენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას და გადაწყვეტილების ასახსნელად საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან აპირებენ შეხვედრას.
  • "ამ წუთიდან ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს", — აღნიშნა მან, რის შემდეგაც პარტიის წევრმა, გიორგი ჩალაძემ დაამატა, რომ ღარიბაშვილის სახლთან მიდიან.
  • ხაბეიშვილმა, ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და საკრებულოს წევრებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დედაქალაქი პროტესტის ცენტრი იქნება.
  • "ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც ჩაგრავთ და უკლავთ ევროპულ მომავალს. დაიმახსოვრეთ ყველამ კარგად, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება. ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. ენმ აღარ აპირებს აღარანაირ განხილვებში მონაწილეობას და თამაშებში შეყოლას ქართულ ოცნებასთან".