ეროვნულ გალერეასთან მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქციის მონაწილეები მხატვრის გალერეაში დატოვებული წარწერის გამო საქმის აღძვრას აპროტესტებდნენ.

  • აქციას სახელოვნებო და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც მხატვრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიღმა რეპრესიულ პოლიტიკასა და ადამიანების დაშინების მცდელობას ხედავენ.

დეტალები: სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს აქციაზე პოლიციელები დაუპირისპირდნენ.

  • მას ხელში პარკი ეჭირა, სადაც სხვა ნივთებთან ერთად საღებავიც იდო.
  • სწორედ ამ პარკის წართმევას ცდილობდნენ მისთვის სამართალდამცველები, რა დროსაც ინციდენტი მოხდა და აქტივისტს ცხვირიდან სისხლი წასკდა.

კონტექსტი: 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

  • კედელზე გაკეთებული წარწერის გამო სულაბერიძის მიმართ ქურდობის მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ქართული სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებმა საქართველოს შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართეს და სთხოვეს სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს კვალიფიკაცია შეცვალოს და საკითხი მხატვარსა და გალერეას შორის მოლაპარაკებით მოგვარდეს.
  • საქართველოს პენცენტრი საქმის აღძვრას სანდრო სულაბერიძეზე რეპრესიულ თავდასხმად მიიჩნევს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრის დასჯას, არამედ ქართველი ხელოვანების დაშინებას.
  • ისინი სულაბერიძის მიმართ სამართალწარმოების შეწყვეტასა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.