კვირას, დამოუკიდებელმა რუსულმა ჟურნალმა ხოლოდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანა რივინას ერევანში საქმიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა.

რივინა Nasiliu.Net-ის (არა ძალადობას) დამფუძნებელი და დირექტორია. ეს ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს სერვისებსა და თავშესაფარს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, რივინა, ბოლო რამდენიმე თვე საქართველოში ცხოვრობდა.

ხოლოდი, რომელიც რივინას ციტირებს, აცხადებს რომ უკან გამობრუნებამდე აქტივისტი საზღვარზე რამდენიმე საათი დააყოვნეს.

2020 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ Nasiliu.Net არაკომერციული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელიც მათი განცხადებით ფუნქციონირებდა, როგორც უცხოური აგენტი. 10 თებერვალს თავად რივინა გამოაცხადეს უცხო ქვეყნის აგენტად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

რუსი ბლოგერის, ნიკოლაი ლევშიცის თქმით, რივინა ისრაელში გაფრინდა. ლევშიცმა განაცხადა, რომ მას შესვლაზე უარი ეთქვა "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების" საფუძველზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ხშირად იყენებს, რომ ავტორიტარული ქვეყნების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს.

საქართველოში არ შემოშვებული რუსები


2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე საქართველოში გაიქცა.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ, თუმცა, ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ რუსებს საქართველოში შესვლა ახსნა-განმარტებების გარეშე ეკრძალებათ.

ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ასევე ხშირად საუბრობენ მსგავს ტენდენციაზე.

10 დეკემბერს ხოლოდმა დაწერა, რომ ალექსეი პონომარევს, ხოლოდის პოდკასტების რედაქტორს, თბილისიდან რიგაში, ლატვიაში გაფრენის შემდეგ ქვეყანაში უკან შესვლაზე უარი ეთქვა.

სექტემბერში, რუს ფოტოჟურნალისტს, ვასილი კრესტიანოვს, ორ კვირაში ორჯერ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყანაში 2021 წლის ბოლოდან ცხოვრობდა.

იმავე თვეში, მიტია ალეშკოვსკის, ფონდის Nuzhna Pomosh-ისა და ონლაინ გამოცემის Takie Dela-ს დამფუძნებელს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.

ივნისში სასაზღვრო პოლიციამ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრს, ოლგა ბორისოვას ახსნა-განმარტების გარეშე აუკრძალა საქართველოში შესვლა.

დევიდ ფრენკელს, რუსული ციფრული გამოცემის, Mediazona-ს რეპორტიორს, უარი ეთქვა შესვლაზე 10 მარტს — ოთხი დღის შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მისი გამოცემა დაბლოკა. ისინი უკრაინის ომს აშუქებდნენ და სახელმწიფო ცენზურას არ ექვემდებარებოდნენ.

5 მარტს მსგავს გამოცდილებაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია დოჟდის წამყვანმა, მიხაილ ფიშმანმა.

აშკარა პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკოსებს არ უშვებს, რუსეთის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. იანვარში, აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, სეიმურ ჰაზის საქართველოში შემოსვლაზე ასევე უარი ეთქვა, ახსნა-განმარტების გარეშე.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.