უკვე ცნობილია, რომ HBO-მ ახალ სერიალ The Last of Us-ს მეორე სეზონი დაუმტკიცა. ამის შესახებ ელის როლის შემსრულებელმა და Game of Thrones-ის მსახიობმა, ბელა რემზიმ GQ Magazine-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. რემზის თქმით, მან უკვე იცის, როგორ განვითარდება მომდევნო სეზონში ელის ირგვლივ მოვლენები, თუმცა LGBTQ+ პერსონაჟების მიმართ ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება არ აშინებს.

The Last of Us-ის მეორე თამაშში ელისა და პერსონაჟ დინას რომანტიკული ურთიერთობა აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ სერიალი თამაშის სიუჟეტს მიჰყვება, სავარაუდოდ, მეორე სეზონში ელისა და დინას რომანტიკულ თავგადასავალს მაყურებელიც იხილავს.

შეგახსენებთ, რომ The Last of Us-ის პირველი სეზონის მე-3 სერიაში LGBTQ+ პერსონაჟები ბილისა და ფრენკის სახით უკვე გავიცანით, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბელა რემზის თქმით კი, ის აცნობიერებს პოტენციურ ნეგატიურ დამოკიდებულებას სერიალის სხვა LGBTQ+ პერსონაჟების მიმართ და ამისთვის მზად არის.

ფოტო: HBO

"ვიცი, რომ ხალხი იმას იფიქრებს, რაც მათ უნდათ, რომ იფიქრონ. მაგრამ მათ ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევთ. თუ ვინმეს შოუს ნახვა იმიტომ არ უნდა, რომ სიუჟეტში ქვიარ ურთიერთობას ან ტრანსგენდერ პერსონაჟს ნახავს, ეს მისი პრობლემა და დანაკლისია. მე ეს არ მაშინებს", — ამბობს ბელა რემზი.

მსახიობის თქმით, LGBTQ+ ადამიანების მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მისთვის უცხო არაა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბელა რემზი გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა. "მგონი, ჩემი გენდერული იდენტობა ყოველთვის ცვალებადი იყო", — აღნიშნავს ახალგაზრდა მსახიობი, — "ვიღაც თუ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებით (she/her) მომმართავდა, ყურადაც არ ვიღებდი. მაგრამ ვიცოდი, რომ თუკი ვინმე მამრობითი სქესის ნაცვალსახელს (he) მეძახდა, ეს ცოტათი მახარებდა". რემზის თქმით, საბუთების სქესის გრაფაში იგი "არაბინარულს" უთითებს ხოლმე.