ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კანონის თანახმადაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • მმართველი გუნდის წევრები ამ კანონს არ ემიჯნებიან, მეტიც მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობა საჭიროა.
  • 40 საერთაშორისო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონი და აცხადებს, რომ ის იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • დღეს, 20 თებერვალს ბიუროს სხდომის პარალელურად, სადაც კანონპროექტი დაარეგისტრირეს, მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა.
  • პროტესტის მონაწილეები ბიუროს ოთახთან იყვნენ შეკრებილი და სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს"

დეტალები: მდინარაძე ამბობს, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმდნენ, თუმცა დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

  • დეპუტატის სპეკულაციას უწოდებს განცხადებებს, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია. მისი თქმით, ვინც ამას ამბობს, "უბრალოდ იტყუება".
  • "არაა არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც ხალხის ძალამ წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზით ვერ შეძლებს — არც ერთი შეზღუდვა ხალხის ძალას არ ჩაუწერია კანონპროექტში", — ამტკიცებს ის.

გარდა ამისა, დეპუტატის სიტყვებით, "რუსეთსა და აშშ-ში სხვაგვარი შეზღუდვებია და იქ არის ძალიან მკაცრი ნორმები".

  • კერძოდ, მდინარაძე საუბრობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, პროკურორის მიერ დეკლარაციების წარმოდგენის ვადების შემცირებასა და სხვა.
  • შემდეგ კი დასძენს, რომ "მსგავსი და არათუ მსგავსი, შეზღუდვა როგორც ასეთი ხალხის ძალის მიერ კანონპროექტში არ არსებობს".