მედიაორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ რუსული კანონი საქართველოს არჩევანი არ არის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.

  • მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
  • ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
  • სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
  • ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.

დეტალები: ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში განვმარტავთ, რომ რუსული კანონი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

  • 313 მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მათ შორის, On.ge მივიჩნევთ, რომ კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომლებსაც ვასაჯაროებთ.
  • ჩვენი შეფასებით, ის მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
  • რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.
  • ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.