ამის შესახებ დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.

  • მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
  • ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
  • სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
  • ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.

დეტალები: პლატფორმა (EPDE) გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

  • მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, როგორც უცხოური აგენტები, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ეტაპია.
  • ამბობენ, რომ კანონპროექტი ეფუძნება რუსეთის მაგალითს, სადაც მსგავსი კანონი შემოიღეს იქნა ათი წლის წინ
  • რასაც მოჰყვა პოლიტიკური და სოციალური პროცესების მონიტორინგში და, უპირველეს ყოვლისა, არჩევნების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაცია.
  • "დაარსების დღიდან, სახალხო ძალა ავრცელებდა დასავლეთის შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ჩათრევას უკრაინაში რუსეთის ომში და წარმოადგენს ევროკავშირის სკეპტიკურ პოზიციებს", — ნათქვამია განცხადებაში.