დღეს, გასაბჭოების 102-ე წლისთავზე საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე პრემიერმინისტრის სახელით პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც 1921 წელს საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრა და ანექსია "ტრაგიკულ მოვლენად" არის მოხსენიებული, თუმცა არც რუსეთი, არც საბჭოთა არმია ნახსენები არ არის.

რა ხდება: მოქალაქეებმა ეს გააპროტესტეს და პოსტის კომენტარებში მოუწოდებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთზე ესაუბრა.

  • იწერებოდა შემდეგი კომენტარები: "რუსეთი ოკუპანტია", "რუსეთი მტერია", "რუსეთი მკვლელია", "სამარცხვინოები ხართ".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთი საათის სხვაობით გადაღებულ ორ სქრინშოტზე ჩანს, რომ ამ პოსტზე კომენტარების რაოდენობა მცირდება, მაშინ, როცა რეაქციების და შეარების რაოდენობა იზრდება — მთავრობა საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვს ზღუდავს და კომენტარებს შლის.

  • რამდენიმე მოქალაქემ სქრინშოტიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მთავრობის გვერდით ვერ სარგებლობენ, რადგან კომენტარების გამო დაბლოკეს.

გარდა ამისა, ლაიქების რაოდენობის გაზრდის მიზნით მობილიზებული არიან ბოტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

  • იმის გასარკვევად, რა მიზეზით შლიან კომენტარებს ან ბლოკავენ ხალხს, On.ge მთავრობას დაუკავშირდა და მათგან განმარტებას ველოდებით.

კონტექსტი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მთავრობა რუსეთის კრიტიკას, ან მის ხსენებასაც ერიდება, რითიც რუსულ პროპაგანდას აძლიერებს — მაგალითად, უკრაინის შესახებ რეზოლუციაში, მათ ოკუპანტი ქვეყანა საერთოდ არ ახსენეს.

  • გარდა ამისა, 2022 წლის 8 აგვისტოს პრემიერმინისტრმა პოსტში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის თარიღები გააერთიანა და დაწერა, თითქოს ისინი მხოლოდ 14 წლის წინ დავკარგეთ.
  • თუმცა აფაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ, 90-იანი წლებიდან სწორედ რუსეთის მართული სეპარატისტული ჯგუფები მართავდნენ აფხაზეთს დე ფაქტოდ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იდგა რუსული დანაყოფები.
  • კითხვაზე, რატომ იმეორებენ რუსულ პროპაგანდას და რატომ მიიჩნევენ ომის დასაწყისად 8 აგვისტოს, პრემიერმა თქვა, რომ სამწუხაროა, როცა თარიღებზე უწევთ საუბარი.

წარსულიდან: მსგავსი შემთხვევა მოხდა 2018 წელსაც — პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქპოსტზე, რომლითაც არასამთავრობოებს აკრიტიკებდა, ბოტების ლაიქები გაჩნდა.

  • მაშინ მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად HAHA რეაქციების წერა დაიწყეს, რასაც მთავრობამ "ვირუსული შეტევა" და "ტროლინგი" უწოდა და განაცხადა, რომ გაჩნდა არაეთიკური კომენტარები, რომელიც გვერდის ადმინისტრატორმა წაშალა.