ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტში დღეს, 2 მარტს რუსული კანონის ორი პროექტის განხილვა იწყება — უმრავლესობა აპირებს, პირველი მოსმენით ორივე კანონი მიიღოს და შემდეგ ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.

  • კანონპროექტები ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა.
  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

დეტალები: ადვოკატთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიაჩნიათ.

  • მათი განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს.
  • "შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა მაგალითად — "უცხოური გავლენის აგენტი" შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას";
  • "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად", — ვკითხულობთ განცხადებაში.

"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • გუშინ, პირველ მარტს ელჩები ამ თემასთან დაკავშირებით პაპუაშვილს შეხვდნენ — ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა თქვა, რომ არ იყო მარტივი დისკუსია.
  • "ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ეს ინიციატივა არის წინააღმდეგობაში, როგორც მინიმუმ, ორ რეკომენდაციასთან 12-დან", — თქვა ჰერჩინსკიმ.

ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.

  • სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
  • ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.