განახლება: პარლამენტმა აკრედიტაცია აღუდგინა პუბლიკას 2 ჟურნალისტს და ტაბულას რედაქტორს.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტის აპარატმა პროტესტის გამო, პუბლიკას 3 ჟურნალისტს და ტაბულას რედაქტორს აკრედიტაცია შეუჩერა.

  • 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე "აგენტების შესახებ" კანონპროექტებს განიხილავდნენ.

  • პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა.

დეტალები: კოალიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა.

  • მათი თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები.
  • "ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს";
  • კოალიცია აღნიშნავს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ.

კოალიცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებს შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს.

  • "მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა".