ამის შესახებ ნინო დობორჯგინიძე პოსტს ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოზიცია, როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ასევე, არაერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა და ლექტორმა დააფიქსირა.

  • დობორჯგინიძე პოსტში სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკვე არაერთმა მიუთითა მმართველ გუნდს კანონის მიღების საფრთხეებზე.

დეტალები: უმაღლესი სასწავლებლის რექტორი განმარტავს, თუ რატომ არის ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საზიანო.

  • მისი თქმით, ის, ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, შეეხება უცხოელ დონორებს, რაც მათ მიერ სხვადასხვა დაფინანსების შეზღუდვაზეც აისახება.
  • დობორჯგინიძის განმარტებით, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, მცირე მეწარმეობისა და სხვა სფეროებისთვისაც.

რექტორი პარტნიორების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინსების შეზღუდვის გავლენას ილიუნის მაგალითზე ხსნის.

  • "ეს ნიშნავს, არ გქონდეს საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამები გიოტინგენის, მიუნსტერის, ჰალეს, მონპელიესა და გენტის უნივერსიტეტებთან; საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან; სპეცალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და ამ მიმართულებით კვლევების შესაძებლობა;
  • "ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები; ინსტიტუციური განვითარების, სტუდენტთა, მკვლევართა, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 2000-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან; გაცვლითი პროგრამები და ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან;
  • "სტემისა და ტექგანათლებლის სპეციალური პროგრამები სკოლებისთვის, საზაფხულო ბანაკები, მასწავლებელთა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ქსელი; საქართველოში სეისმური მონიტორინგის სადგურების ქსელი (ყველა სადგური უცხოური დაფინანსებით აშენდა), მთელი ქვეყნის და საერთაშრისო მასშტაბით მუდმივი შეტყობინების სისტემა;
  • უფლისციხის კლდეებში ძეგლის კონსერვაციისა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული შეტყობინების სისტემა; ასეთივე, სისტემა და ზოგადად, კლდის ძეგლების მონიტორინგი საბერეებსა და ვარძიაში; უამრავი კვლევითი თუ სარესტავრაციო საგრანტო პროექტი ჩვენი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად;
  • მთარგმნელობითი პროექტები კვლევითი ნაშრომებისა და დარგობრივი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე სათარგმნად — თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების დიდი უმეტესობა ამგვარად იქმნება;
  • "ეს სია ძალიან გრძელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებისთვის", — წერს ის.