ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს — პროტესტი განახლდა მეორე დღესაც, მას შემდეგ, რაც პლენარულზე კანონი პირველი მოსმენით მიიღეს.

  • ორივე დღეს სპეცრაზმი აქციის დაშლას წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრელმსადენი გაზით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, 9 მარტის დილის 06:00 საათზე კი 8 მარტს დაწყებული აქციის დარბევა დაიწყეს.
  • დილამდე ძალადობრივად აკავებდნენ მოქალაქეებს. ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
  • მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს, თუმცა, პარალელურად, დაიწყებს "ხალხთან დიალოგს და შემეცნებითი ხასიათის კონსულტაციებს" ჩასაგდებად გადადებული კანონის ავკარგიანობაზე.

დეტალები: შსს-ში მთელი ბრიფინგი სამართალდამცავების დაშავებაზე, აქციის მონაწილეების მიერ "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და დაუმორჩილებლობაზე" საუბარს მიუძღვნეს და არაფერი უთქვამთ ცრელმსადენი გაზით დაშავებულ მოქალაქეებზე, პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტზე ძალადობაზე.

  • ირწმუნებიან, რომ "საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით" რამდენჯერმე პოლოციამ პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
  • მათი მტკიცებით, 7 და 8 მარტს გამართული აქცია არაერთხელ გასცდა "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებსა და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში".
  • ამბობენ, რომ "აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად" დაშავდა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 კი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
  • "ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო".
  • შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციელების მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტს სწავლობენ და "დამნაშავე პირების კანონის სრული სიმკაცრის დასჯას" აანონსებენ.

კუპატაძე ამტკიცებს, რომ მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მისამართით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს — ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ასევე, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ.

  • 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში 133 პირი — მათგან ერთი პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით იყო დააკავეს.
  • შსს-ში ამბობენ, რომ "ძალადობრივ ფაქტებზე" გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.