მაისის სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, პოლიციელებმა სტუდენტებს პირადი მონაცემები გამოართვეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თსუ-ის სტუდენტები აქტიურად აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, რომლის ინიციატორები და მხარდამჭერები, მათ შორის, მათი ლექტორებიც იყვნენ. მაგალითად, ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე.

  • მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას კანონის ჩაგდება მოუწია, სტუდენტურმა პროტესტმა აკადემიურ სივრცეში გადაინაცვლა და რუსული კანონის მხარდამჭერი ლექტორებისადმი ბოიკოტით გაგრძელდა.

დეტალები: სტუდენტური მოძრაობა ამბობს, რომ მთავრობა მარტის აქციების მონაწილე სტუდენტების გასანეიტრალებლად სხვადასხვა გზას ეძებს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარულ მეთოდებს იყენებს.

  • მათივე თქმით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რატომ აგროვებდნენ მათ პერსონალურ ინფორმაციას.
  • "ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ".

სტუდენტური მოძრაობა ითხოვს, უნივერსიტეტმა და პროფესორებმა თავიანთი მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.

  • მათივე თქმით, თსუ-ის ადმინისტრაცია არ არის მათი ინტერესების დამცველი და უნივერსიტეტში წლებია, მუშაობენ "სისტემის მიერ ხელდასმული ადამიანები", რომლებიც სტუდენტების მიმართ აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევიან.
  • "არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ".

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტური მოძრაობის საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

  • ადმინისტრაციაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

შსს: On.ge სამართალდამცავი უწყებისგან პასუხს ელოდება.