რატომ არის მნიშნველოვანი: 2021 წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა.

  • ამავე წლის 30 სექტემბერს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.
  • საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას. უწყების თქმით, ეს მომსახურება არ მიუღიათ.
  • 2022 წლის 29 მარტს საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და კეზერაშვილსა და ნინუას დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ.

დეტალები: სასამართლომ კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ნინუასი — კი.

  • მოსამართლის განმარტებით, წინა ინსტანციის გადაწყვეტილებაში შევა ცვლილები და თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.
  • "დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიღებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბატონი ალექსანდრე ნინუას მიმართ არ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით", — განაცხადა მოსამართლემ.

კონტექსტი: კეზერაშვილის საქმეები, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულადაც აღიქმება, რადგან ტელეკომპანია ფორმულა მისი ერთადერთი ოფიციალური აქტივია საქართველოში და როცა აღსრულების ეტაპი დაიწყება, შესაძლოა, კომპანიის ანგარიშები დააყადაღონ.

  • თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ არც კი დაუშვიათ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ფორმულას წილის დაყადაღება მოეთხოვათ.
  • გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე და ფორმულას დამფუძნებელზეცაა საუბარი.