ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც გუშინ, 22 მარტს რუსულმა სამთავრობო, პროპაგადნისტულმა მედია TASS-მა დაწერა, რუსმა დეპუტატმა ეკონომიკურ ფორუმზე თქვა,რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების "ზღვარზე არიან".

  • დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა, თქვა ისიც, რომ მისთვის რთულია შეფასება, როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები.
  • ისაუბრა "ეკონომიკურ დაახლოებაზეც" და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2022 წელს.
  • ფრენებზე ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალებისთვის ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, სადაც კითხვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა მოითხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

დეტალები: კალაძე ამბობს, რომ თუ ფრენების აღდგენაზე, ან თუნდაც უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მიესალმებიან.

  • "თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია".
  • რაც შეეხება ეკონიმიკურ ფორუმს, კალაძე ამბობს, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ აქვს და იქ ოფიციალური თბილისი წარმოდგენილი არ იყო.
  • კითხვაზე, რას ნიშნავს, რომ რუსეთში ასეთი ფორუმი იმართება, აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა 'სხვადასხვა ღონისძიება გამართოს".

არქივიდან: 2019 წლის 20 ივნისს სერგეი ლავროვის პარლამენტში გამოსვლისა და მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ, პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ. ფრენები შეჩერებულია ქართული ავიაკომპანიებისთვისაც.

  • 2022 წლის 18 იანვარს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა.
  • 19 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება, ამაში "ცუდი ვერაფერი დაინახა" კახა კალაძემაც.
  • 20 იანვარს კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ ფრენებთან ერთად საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაც უნდა.
  • ამავე წლის 25 იანვარს უკრაინის საგარეომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ თუ რუსეთთან ფრენების აღდგება, შესაძლოა, კომპანიები დასანქცირდნენ.
  • 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამტკიცებდა, რომ საქართველომ ფრენების აღდგენა თავად შესთავაზათ.