რატომ არის მნიშვნელოვანი: თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილი 2016 წელს სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.

  • 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
  • ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა რამიშვილი — ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
  • POSTV-მ კი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.
  • პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.

დეტალები: პოსტივის გადამღები ჯგუფი 24 მარტს გვიან ღამით, სახლთან დაადგა ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.

  • ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — 112-ში პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა.
  • ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
  • ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.
  • გუშინ, 26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს — მან ვიდეო საკუთარი სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
  • დღეს, 27 მარტს კი დაწერა, რომ POSTV-ის წარმომადგენელი მის სახლთან მივიდა და დახმარება პრეზიდენტს სთხოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს თათია სამხარაძესთან დაკავშირებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება და დაიწყოს გამოძიება.

  • მათი განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობენ მის დისკრედიტაციას.
  • ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში თათია სამხარაძის მიმართ გამოვლენილი ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულების ნიშნებს, რომელიც სწორედ პოსტივის ინსტრუმენტად გამოყენების გზით ხდება.
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საკითხის ირგვლივ არსებული გარემოებები მიუთითებს რამიშვილის ტელევიზიის რეალურ მოტივაციას, ერთის მხრივ, გადაფაროს ზემოხსენებული მძიმე ბრალდებები, მოახდინოს მათი მინიმიზება, მეორეს მხრივ, კი თათია სამხარაძეს განაცდევინოს ფსიქიკური ტანჯვა და აიძულოს შეიცვალოს ცხოვრების წესი.
  • "საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში, პოსტივის ქმედებების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენდეს, ვინაიდან შეუძლებელია, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს თათია სამხარაძის (რომელიც არ არის საჯარო პერსონა) რომელიმე საცხოვრებელ სახლში ან სხვა ადგილას ყოფნასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროა და მისი გადაადგილების ამ ხარისხით კონტროლი ამ უფლებაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ".
  • On.ge შსს-ს დაუკავშირდა და ცდილობს, გაიგოს ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება.

გამოხმაურებები: ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უწყებებისგან მოითხოვენ, სამართლებრივი შეფასება მისცენ სამხარაძის დევნას.

  • სამხარაძეს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია დროამ, გირჩი — მეტი თავისუფლებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ.