ორგანიზაციის შეფასებით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ წამოწყებლი პროპაგანდისტული, ძალადობრივი კამპანია მოძალადის, სახელისუფლებო არხის დირექტორის, შალვა რამიშვილის დაცვასა და მსხვერპლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილი 2016 წელს სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.

  • 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
  • ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა რამიშვილი — ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
  • POSTV-მ კი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.
  • პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.

დეტალები: პოსტივის გადამღები ჯგუფი 24 მარტს გვიან ღამით, სახლთან დაადგა ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.

  • ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — 112-ში პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა.
  • ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
  • ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.
  • გუშინ, 26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს — მან ვიდეო საკუთარი სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
  • დღეს, 27 მარტს კი დაწერა, რომ POSTV-ის გადამღები ჯგუფი მის სახლთან მივიდა და დახმარება პრეზიდენტს სთხოვა.

GrlzWave წერს, რომ ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს, მოძალადის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად კი სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენა და დაშინების მიზნით, ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში შეიჭრა.

  • "ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ თათიას, ქალს, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში საჯაროდ პირველმა ამხილა. მან სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში".