რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

  • ბოლო დღეებში კიდევ 6-მა ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
  • რამიშვილს ქართული ოცნების წევრებმა, მამუკა მდინარაძემ და ნინო წილოსანმა ირიბი მხარდაჭერა გამოუხატეს.
  • დღეს თათია სამხარაძემ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო, ახლა კი POSTV-ის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეა, პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართა.
  • " ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" — წერდა სამხარაძე.

ზურაბიშვილმა შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობასა და მის სხვადასხვა ფორმით გამართლებას.

  • "გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ", — თქვა მან და სავარაუდოდ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ან ის ქალები იგულისხმა, ვინც რამიშვილს მის მხარდამჭერებად ჰყავდა ეთერში მიწვეული.
  • "ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
  • თქვა ისიც, რომ ფიზიკური ძალადობა ხშირად სიტყვიერი ძალადობით იწყება, შემდეგ კი ფემიციდით სრულდება.
  • როგორც ქალმა და როგორც პრეზიდენტმა დაგმო ყოველგვარი შევიწროება და სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმა.
  • თუმცა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრისას არც შალვა რამიშვილის და არც დაზაქალებული ქალების სახელები არ უხსენებია.
  • "ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რასაც შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს", — თქვა პრეზიდენტმა.

გააკრიტიკა ხელისუფლება მოძალადის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ის პუნქტი შეახსენა, რომელიც ქალთა უფლებებს ეხება და რეპუტაციულ ზიანზე ისაუბრა.

  • "გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს", — აღნიშნა მან.

  • "მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით გამეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. გრცხვენოდეთ უნდა", — ასე დაასრულა პრეზიდენტმა გამოსვლა.

სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

  • კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
  • იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.

  • სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

  • საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.

  • იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.

  • ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.