ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

  • ბოლო დღეებში კიდევ 6-მა ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
  • რამიშვილს ქართული ოცნების წევრებმა, მამუკა მდინარაძემ და ნინო წილოსანმა ირიბი მხარდაჭერა გამოუხატეს.
  • დღეს თათია სამხარაძემ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო, ახლა კი POSTV-ის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეა, პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართა.
  • "ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" — წერდა სამხარაძე.

დეტალები: ორგანიზაცია წერს, რომ ისინი სრულ სოლიდარობას უცხადებენ თათია სამხარაძეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში თავისი აქტივიზმის გამო პროსახელისუფლებო ტელევიზიების მსხვერპლი გახდა.

  • "თათია სამხარაძეზე ორგანიზებული თავდასხმა აშკარადაა პასუხი მის აქტივიზმზე. ბოლო დღეებში PosTV-ის დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა", — წერს ორგანიზაცია.
  • ამბობენ, რომ თათია სამხარაძემ 2019 წელს მოუგო რამიშვილს საქმე, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს აქტივისტის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
  • მათი განცხადებით, ამჟამად სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება, რამდენადაც ის გვერდში უდგას იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ.
  • ორგანიზაციის განმარტებით, ცხადია, რომ პროსახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს სამხარაძეზე დეზინფორმაციის გავრცელებას მისი საჯარო პროფილის დისკრედიტირებისთვის.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული დაცვის მექანიზმები, რათა შეწყდეს თათია სამხარაძის დევნა და უზრუნველყოფილ იქნას მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

  • "სხვადასხვა საერთაშორისო აქტების თანახმად, საქართველოს აქვს ვალდებულება დაიცვას უფლებადამცველები ძალადობის, მუქარის, დევნის და დაშინებისგან როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან", — ნათქვამია განცხადებაში.
  • ამბობენ, რომ ქალი უფლებადამცველები და აქტივისტები ხშირად განსაკუთრებული და ორმაგი წნეხის მსხვერპლნი არიან — როგორც ქალები და შემდეგ როგორც უფლებადამცველები.
  • ამიტომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათია სამხარაძეზე განხორციელებულ თავდასხმებს და უნდა შეწყდეს მისი დევნა.