ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

  • აქციის ერთ-ერთმა მონაწილეს, ზაზა ბიღიაშვილს სახეში ესროლეს, რის შედეგადაც მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
  • ვოლსკი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეზე ამბობს, რომ "მხედველობის დაკარგვაზე გარკვეული კითხვები არსებობს".
  • მისივე მტკიცებით, პოლიციაც "ლოიალური დამოკიდებულება" ჰქონდა. მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ხელისუფლება მონსტრად წარმოაჩინოს, თუმცა "მათთვის სამწუხაროდ", ეს არ ხდება.
  • ზაზა ბარიაშვილი გამოეხმაურა გია ვოლსკის განცხადებას და თქვა, რომ მასთან კითხვების დასასმელად არავინ მისულა.
  • ის ვერ ამბობს, გამიზნული ნასროლი მოხვდა თუ არა, მაგრამ განმარტავს, რომ გვერდულად იდგა და ზევიდან გაისროლეს.
  • "გასროლა და მოხვედრა ერთი იყო, რა მომხვდა და რა გაისროლეს, არ ვიცი. მე მგონი, უფრო ის, კვამლს რომ უშვებს, ცრემლსადენი გაზი", — ამბობს ბიღიაშვილი.

დეტალები: ISFED ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საზოგადოების მასშტაბური პროტესტის დროს, 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

  • მათი თქმით, აქციის მონაწილეებმა მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის ზაზა ბიღიაშვილმა ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა, რომლის უფლებებსაც სამართლიანი არჩევნები იცავს.
  • ამბობენ, რომ პოლიციის მიერ დაშლისკენ მოწოდების შემდეგ, ზაზა ბიღიაშვილმა გადაწყვიტა, გასცლოდა ტერიტორიას, მაგრამ, ხალხმრავლობის გამო, თავისუფლად და სწრაფად სიარული შეუძლებელი იყო.
  • "ამასთან, იგი მოხვდა წიწაკის სპრეის მოქმედების არეალში, გართულებული ჰქონდა მხედველობა და უჭირდა გადაადგილება. გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალებმა დაიწყეს გაზის კაფსულების სროლაც, რა დროსაც ბიღიაშვილს თვალში, სავარაუდოდ, ასეთი კაფსული მოხვდა, რომელიც მოხვედრის შემდეგ გასკდა", — ნათქვამია განცხადებაში.
  • მათი თქმით, ზაზა ბიღიაშვილს იმავე ღამეს, 8 მარტს, აღმოუჩინეს გადაუდებელი დახმარება და ჩაუტარდა ოპერაცია, პირველადი დასკვნით, ბიღიაშვილს ჰქონდა თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა.

ISFED-ის განცხადებით, ზაზა ბიღიაშვილის დასახმარებლად საქმეში ჩაერთო სამართლიანი არჩევნები და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ბიღიაშვილისა და მისი ოჯახისათვის აუცილებელი სამედიცინო, საექსპერტო და სხვა მხარდამჭერი სერვისის უზრუნველყოფა.

  • "თვალის კაკლის შენარჩუნებისა და ანთებითი პროცესის შეჩერების მიზნით ზაზა ბიღიაშვილს მეორე ოპერაცია 21 მარტს ჩაუტარდა. თუმცა, მან მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა და მისი აღდგენა შეუძლებელია", — ნათქვამია განცხადებაში.
  • დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შეფასებით, ზაზა ბიღიაშვილის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხი არის მძიმე, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს სრულად, ჩაშლილია თვალის ბადურა, მხედველობის აღდგენა ნებისმიერი სახის ჩარევისა და ოპერაციის მიუხედავად შეუძლებელია.
  • ორგანიზაციის თქმით, ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობს, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 14 მარტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დაინიშნა, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ისე სამართლიანი არჩევნების მიმართვის საფუძველზე.
  • თუმცა, მათი თქმით, სახელმწიფო ექსპერტიზამ დასკვნისთვის 365 დღე განსაზღვრა, პარალელურად, ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების ხარისხის შესაფასებლად სამართლიანმა არჩევნებმა ალტერნატიულ დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართა.
  • განმარტავენ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზაზა ბიღიაშვილი ორჯერ, 9 და 15 მარტს დაკითხა, მას ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.
  • "გარდა თვალის და ზოგადად მხედველობასთან დაკავშირებული მკურნალობისა, ვინაიდან ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ, ბიღიაშვილს დამატებით ესაჭიროება ნევროლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა", — ნათქვამია განცხადებაში.

ISFED-ის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკვეთრად შეიზღუდა ზაზა ბიღიაშვილის შრომისუნარიანობა.

  • "ამ დრომდე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაინტერესებულა ზაზა ბიღიაშვილის სოციალური საჭიროებებით, არ გამოუხატავს წუხილი ან თანადგომა მის და მისი ოჯახის მიმართ", — წერს ISFED.