კვლევის თანახმად, შესაძლოა, ცხვირის ზომაზე პასუხისმგებელი გენები ნეანდერტალელებისგან, ჩვენი გადაშენებული წინაპრებისგან, მოდიოდეს. სავარაუდოდ, დიდი ცხვირები მათ ევრაზიის ცივ კლიმატთან შეგუებაში ეხმარებოდა, ეს გენები კი თანამედროვე ადამიანებს ორი სხვადასხვა სახეობის შეჯვარების შედეგად გვერგო. ნაშრომი ჟურნალში Communications Biology გამოქვეყნდა.

"ბოლო 15 წელში, რაც ნეანდერტალელთა გენომი გაიშიფრა, შევიტყვეთ, რომ ჩვენი წინაპრები ნეანდერტალელებთან შეჯვარდნენ, რის შედეგადაც მათი დნმ-ის ნაწილები გადმოგვეცა", — ხსნის დოქტორი კაუსტუბ ადჰიკარი, კვლევის ავტორი — "აქ უკვე აღმოვაჩინეთ, ნეანდერტალელებისგან მემკვიდრეობით მიღებული დნმ-ის ნაწილს ჩვენი სახის ფორმაზე აქვს გავლენა. ეს ჩვენი წინაპრებისათვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო, რადგან ათასობით თაობას გადაეცა".

ნეანდერტალელებს ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალი ცხვირები ჰქონდათ. ამას თავის ქალების შედარება მოწმობს, კერძოდ, ცხვირზედა წერტილსა და ფილტრუმს (ღარი ზედა ტუჩსა და ცხვირის ძგიდეს შორის) შორის მანძილი.

თანამედროვე ადამიანისა (მარცხნივ) და ნეანდერტალელის (მარჯვნივ) ცხვირების შედარება

ფოტო: Dr Kaustubh Adhikari, UCL

იმის დასადგენად, თუ რა გავლენა აქვს გენეტიკას ცხვირის სიმაღლეზე, მეცნიერებმა დაახლოებით 6 ათასი ადამიანის დნმ შეისწავლეს. ისინი ლათინური ამერიკიდან იყვნენ.

გენეტიკური ინფორმაციისა და მონაწილეთა სახეების ანალიზით მკვლევრებმა გენომის 33 რეგიონი გამოკვეთეს, რომლებიც სახის ნაკვთებს უკავშირდება. აქედან 26 რეგიონი ანალოგიური აღმოჩნდა ევროპელ, აფრიკელ და აზიელ ხალხში.

შედარებით დიდი ზომის ცხვირს ერთი კონკრეტული გენეტიკური რეგიონი, 1q32.3, დაუკავშირეს, რომელიც ნეანდერტალელებისგან იღებს სათავეს. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ სპეციალური გენი ATF3 ბუნებრივი გადარჩევის შედეგად განვითარდა. იგი, სავარაუდოდ, მის მატარებელ ნეანდერტალელებს გადარჩენაში დაეხმარა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სავარაუდოდ, შედარებით გრძელცხვირა ნეანდერტალელებს მეტი შანსი ჰქონდათ, რომ მომავალი თაობებისათვის საკუთარი გენები გადაეცათ.

როგორც დოქტორი ცინგ ლი, კვლევის ავტორი, განმარტავს, დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენი ცხვირების ფორმას ბუნებრივი გადარჩევა განაპირობებს.

"ცხვირს შეუძლია, შესუნთქული ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირებაში დაგვეხმაროს [რაც უფრო გრძელია ცხვირი, მით უკეთ გაათბობს იგი ცივ ჰაერს], ამიტომ სხვადასხვა ფორმის ცხვირი უკეთ შეიძლება მიესადაგებოდეს ჩვენი წინაპრების საცხოვრებელ სხვადასხვა კლიმატს", — ამბობს დოქტორი ცინგ ლი, კვლევის ავტორი — "ჩვენ მიერ აღმოჩენილი გენი, შესაძლოა, ნეანდერტალელებისგან გადაიცა მემკვიდრეობით, რათა ადამიანებს უფრო ცივ კლიმატთან შეგუებაში დახმარებოდა, როდესაც ჩვენი წინაპრები აფრიკიდან გადასახლდნენ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.