2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შვედეთის გამარჯვებით დასრულდა. შვედმა პოპმომღერალმა ლორენმა, სიმღერით Tattoo, ჯამში 583 ქულა მოაგროვა, რითაც საკუთარ ქვეყანას ევროფესტივალზე მეშვიდე გამარჯვება მოუტანა, თავად კი კონკურსის ტრიუმფატორი უკვე მეორედ გახდა — პირველად მან ევროვიზია 2012 წელს მოიგო.

შედეგი კი ისტორიულია — შვედეთი გამარჯვებების რაოდენობით კონკურსის რეკორდსმენ ირლანდიას გაუთანაბრდა. ამასთან, ლორენი ევროვიზიის 67-წლიან ისტორიაში გახდა მხოლოდ მეორე მომღერალი, რომელმაც მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ორჯერ მოიგო (პირველი ირლანდიელი ჯონი ლოგანი გახლავთ).

კონკურსის ტრადიციისამებრ, 2024 წელს ევროვიზია უკვე შვედეთში გადაინაცვლებს.

ევროვიზიის წლევანდელ, რიგით 67-ე კონკურსს გაერთიანებული სამეფოს ქალაქი ლივერპული მასპინძლობდა. მართალია, 2023 წლის ევროფესტივალი, წესით, შარშანდელ გამარჯვებულ უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, კონკურსი ბრიტანეთში ჩატარდა.

რაც შეეხება საქართველოს, წლევანდელ კონკურსზე ჩვენს ქვეყანას 22 წლის ირუ წარადგენდა, სიმღერით Echo. თუმცა, ევროვიზიის ფინალში გადასვლა ვერც წელს შევძელით — საქართველო ზედიზედ მეექვსედ ჩარჩა ნახევარფინალურ ტურში.

ევროვიზიის ფინალში საქართველომ ბოლოს 2016 წელს იმღერა, როცა ქვეყანა ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს. საბოლოოდ, კონკურსში ისინი მე-20 ადგილს დასჯერდნენ. 16-წლიანი ასპარეზობის მიუხედავად კი, ევროვიზიაზე საქართველოს საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.