მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შორეულ სისტემაში შესაძლოა, მზის მსგავსი ვარსკვლავი, არც მეტი, არც ნაკლები, ბნელი მატერიისგან შემდგარი მნათობის ირგვლივ მოძრაობდეს, რომელიც უხილავია.

ხილული ვარსკვლავის მასა მზისას ოდნავ ჩამოუვარდება, თუმცა ქიმიური შემადგენლობით მას ჰგავს. იდუმალი კომპანიონი კი მზეზე 11-ჯერ მასიურია და პირველი ობიექტისგან 1.4 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე გადაადგილდება. ერთმანეთის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას ეს წყვილი 188 დღეს ანდომებს.

უხილავი მეწყვილე შესაძლოა, შავი ხვრელო იყოს, მაგრამ ეს ჰიპოთეზა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ შავი ხვრელები ძალიან მასიური ვარსკვლავების სიკვდილისას წარმოიქმნება, მზის მსგავსი ობიექტი კი მის სიახლოვეში უნდა გაჩნდეს, რასაც ძნელად მისაღწევი პირობები სჭირდება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ზემოხსენებული კომპანიონი მეტად ეგზოტიკური და იშვიათი რამ იყოს — ბნელი მატერიის ნაწილაკების ერთობლიობისგან ფორმირებული უხილავი ვარსკვლავი.

ბნელი მატერია მთლიანობაში მასით ჩვეულებრივ მატერიას აღემატება და ყველა გალაქტიკაში დიდი ოდენობით გვხვდება, თუმცა ის სინათლეს არც გამოყოფს და არც შთანთქავს, ამიტომ უხილავია. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მას სუბატომურ ნაწილაკ ბოზონთან აკავშირებენ. მისი ზოგი ტიპი ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული ბოზონები, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ძალას არ ატარებს და დიდ შეჯგუფებებს ქმნის.

ასეთმა გაერთიანებებმა შეიძლება უზარმაზარი სისტემების ზომას მიაღწიოს ან შედარებით პატარა მასშტაბებში შენარჩუნდეს. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რასაც მეცნიერები ბოზონის ვარსკვლავებს უწოდებენ, რომელთა დაფიქსირების საშუალებაც მხოლოდ გარემოზე მათი გრავიტაციული ზემოქმედების შესწავლის შედეგად გვაქვს.

ავტორთა განცხადებით, ეს ვარსკვლავური სისტემა იდეალური კანდიდატია, რომ ასეთი ჰიპოთეზური ობიექტები გამოვიკვლიოთ და მათი ორბიტული დინამიკა გავაანალიზოთ. ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.