რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც 2022 და 2023 წლის 26 მაისს პარლამენტის გაფორმებაა შედარებული.

  • 2022 წლის ფოტოში ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშაც იყო დამაგრებული, წელს კი აღარ არის.
  • იმის ფონზე, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია და სამთავრობო გუნდისგან ანტიდასავლური განცხადებები ისმის, გაფორმებიდან ევროკავშირის დროშის ამოღება კრიტიკის საგანი გახდა.
  • გარდა ამისა, როგორც მოზაიკა წერს, წინა წლისგან განსხვავებით, გორის მერიის წლევანდელ პროგრამაში ევროკავშირის ჰიმნი აღარ არის.
პარლამენტის გაფორმებები დამოუკიდებლობის დღისთვის

პარლამენტის გაფორმებები დამოუკიდებლობის დღისთვის

დეტალები: On.ge-მ მთავრობას მიმართა კითხვით, რატომ არ არის პარლამენტის წინ EU-ს დროშა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ თემატიკა ყოველწლიურად იცვლება, შესაბამისად იცვლება გაფორმებებიც.

  • "2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია — "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე -გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით", — აცხადებენ მთავრობაში.
  • მათივე განმარტებით, შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" და გაფორმებაც შესაბამისი იყო, 2017 წელი კი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" და ქალაქიც ამ თემატიკით გააფორმეს.
  • საარქივო ფოტოებში ჩანს, რომ 2017 წელს პარლამენტზე ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები იყო, 2018-ში — 100 წლისთავის აღსანიშნი პოსტერები.
  • 2019-ში, ისევე როგორც 2020 წელს, საკანონმდებლო ორგანოს შენობა არ გაუფორმებიათ.
პარლამენტის გაფორმებები დამოუკიდებლობის დღისთვის

პარლამენტის გაფორმებები დამოუკიდებლობის დღისთვის