ალბათ უკვე იცით, რომ Apple TV+-მა დენიელ კიზის გახმაურებული წიგნის, ბილი მილიგანის მრავალი გონების, მიხედვით სერიალი გადაიღო. მინისერიალს, სახელწოდებით The Crowded Room, მაყურებელი 9 ივნისიდან იხილავს. 10-ეპიზოდიან შოუში მთავარ როლს, დენი სალივანის პერსონაჟს, ტომ ჰოლანდი ასრულებს, მისი გმირის დედას კი ემი როსუმი ასახიერებს. ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ მსახიობებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელზე ნაკლებია; როსუმი 36 წლისაა, ჰოლანდი კი სულ ახლახან გახდა 27-ის.

ამბავმა კი, როგორც ჩანს, ბევრის ყურადღება მიიქცია, რადგან როსუმს Entertainment Tonight-თან ინტერვიუში ამ თემაზეც დაუსვეს შეკითხვა.

"ეს გასაგები გახდა, როცა სცენარი წავიკითხე", — ამბობს მსახიობი, — "[ჩემი პერსონაჟი] ქენდი ძალიან ახალგაზრდა დედაა, ჯერ თვითონაც ბავშვია, როცა 16 წლის ასაკში ორსულდება. [სერიალში კი] ხედავთ, როგორ მემატება ასაკიდან 25 წლიდან 35 წლამდე".

როსუმი იმასაც ამატებს, რომ The Crowded Room-ში წარმოჩენილი დედაშვილობის ამბით მოიხიბლა, განსაკუთრებით, იმ სცენებით, სადაც პატარა დენი სალივანისა და მისი მშობლის ურთიერთობაა ნაჩვენები.

მართალია, დენი სალივანის პროტოტიპი ბილი მილიგანია, თუმცა, სერიალი სიუჟეტურად სულაც არ მიჰყვება დენიელ კიზის ბესტსელერს. The Crowded Room-ში მოქმედება 1979 წლის ზაფხულში, მანჰეტენზე ვითარდება. როკფელერის ცენტრში მომხდარ სროლაში ბრალდებული სალივანი გამომძიებელ რაია გუდვინთან თანამშრომლობას იწყებს, რათა დანაშაულის ჩადენის მომენტი გაიხსენოს.

როგორც ვთქვით, სერიალის პრემიერა 9 ივნისს შედგება — თავდაპირველად, სამ სერიას ერთად ვიხილავთ, მოგვიანებით კი, ახალი ეპიზოდები ყოველკვირეულად გამოვა.