რა მოხდა: გუშინ მთავარ არხზე ბექა ყორშიას სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ჟურნალისტმა მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნული ხელმძღვანელი, როინ მეტრეველი დაპრანკა.

  • მან მეტრეველს პრემიერის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის სახელით დაურეკა და სთხოვა, ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსი მიენიჭებინა.
  • "ძალიან გამოადგება ეს, კონფერენციებზე რომ ჩადის", — უთხრა ყორშიამ და დაამატა, რომ ეს ოპოზიციურ მედიებში არ გახმაურდება.
  • პასუხად, მეტრეველმა მას აკადემიის "სრულფასოვან მხარდაჭერა" შესთავაზა და თქვა, რომ "ყველაფრისთვის მზად არიან".
  • მეცნიერებათა აკადემიის დირექტორმა ღარიბაშვილთან 5-წუთიანი შეხვედრაც მოითხოვა, რადგან იმაზე წუხდა, რომ ღარიბაშვილს საქმე არ გაჰფუჭებოდა.
  • "მე დღეს შევუდექი მუშაობას. რა მინდა იცით, მომავალ კვირაში თუ გამონახავს ერთ 5 წუთს, რომ დაფიქსირდეს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიიღო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. საჭიროა საქმისთვის", — თქვა მან.
  • ასევე, მამაცაშვილს დააბარა, მათ ყველა დონეზე გადასცეს, რომ აკადემია უპირობოდ არის მთავრობისა და ხელისუფლების გვერდით.
  • საუბრის ბოლოს ყორშია მას ეუბნება, რომ "ნაცები" კედელთან უნდა მიაყენონ და ყველა დახვრიტონ, რაზეც მეტრეველი პასუხობს, "იცოცხლეთ".

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტი სატირული სიუჟეტის გამო გააკრიტიკა — აქცენტი მეტრეველის ასაკზე გააკეთა და არაფერი თქვა აკადემიის პრეზიდენტის მხილებაზე.

  • "83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", — დაპოსტა მან.
  • მოგვიანებით ყორშიამ განაცხადა, რომ როინ მეტრეველის შვილიშვილებმა სიუჟეტის ლაივშივე გაწყვეტის თხოვნით "ყველას დაურეკეს".
  • "ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ", — წერს ჟურნალისტი.
  • On.ge მეცნიერებათა აკადემიასა და მთავრობის ადმინისტრაციასთან ცდილობს დაკავშირებას, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ვინ არის როინ მეტრეველი: მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ის 7 ივნისს აირჩიეს.

  • საბჭოთა რეჟიმის დროს სხვადასხვა წელს ხელმძღვანელ, პარტიულ და კომკავშირულ თანამდებობებზე მუშაობდა.
  • როგორც შალვა რამიშვილთან ინტერვიუში ამბობს, წარმატებული, პარტიული კომუნისტი იყო.
  • "მე ძალიან სერიოზული ფუნქციონერი ვიყავი, ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოსი [...] კომკავშირის, ცეკის პირველი მდივანი ვიყავი".
  • 1991 წლიდან 2004 წლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო — თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა.
  • იმ პერიოდში მეტრეველის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები ჟღერდებოდა.