ამის შესახებ ბაჩო ოდიშარიამ ფორმულასთან ისაუბრა.

დეტალები: პროპაგანდისტული და სახელისუფლებო POSTV-ის წამყვანის თქმით, კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იქნება.

  • "რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები. შევისწავლი, როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ, ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს. ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ, რატომ არის ეს პროტესტის საგანი", — თქვა ოდიშარიამ.
  • ჟურნალისტის კითხვაზე, შალვა რამიშვილთან მუშაობა უქმნის თუ არა უხერხულობას და უშლის თუ არა ხელს კინოცენტრში საქმიანობას, ოდიშარია ამბობს, რომ "არანაირად".

რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

  • მიზეზად აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ფინანსური რესურსების კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა.
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა.
  • მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
  • ამ პროცესს წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, სადაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, თუმცა განცხადება კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე მალევე წაიშალა.
  • ახლა კინოცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, შეწყდეს რეორგანიზაცია, სანამ ცენტრს არჩეული დირექტორი ეყოლება.

გარდა ამისა, პირველ ივნისს გოეთეს ინსტიტუტმა კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე მედლით დააჯილდოვა და მიუთითა, რომ ის უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.

  • კინოცენტრი ამას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის საიტზე აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
  • ასევე, თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.
  • კინოცენტრის განცხადებას რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა და პოსტს სამარცხვინო უწოდა.