"გიჟური იდეა იყო" — აღიარებს კრისტიანე "კიკი" საადეჰი.

2020 წელს, კიკი საადეჰმა და ნატალია ხალიფმა კოვიდ პანდემიისა და ბეირუთის პორტის აფეთქების შედეგად გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო სამსახური დაკარგეს. მიუხედავად მათი დიდი სიყვარულისა ლიბანის მიმართ, ან შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მეგობრებმა იგრძნეს, რომ აღარ შეეძლოთ სამშობლოში დარჩენა და იმის ყურება, როგორ უარესდებოდა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა.

ასე, 2020 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, ბარგი ჩაალაგეს და საცხოვრებლად გადავიდნენ ქვეყანაში, სადაც არც ერთი მათგანი იყო ნამყოფი — სომხეთში.

ერთი წლის თავზე კი ახალ ქვეყანაში თავისი ადგილი იპოვეს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ადგილას — სომხეთის ჩრდილოეთით მდებარე ყოფილ ინდუსტრიულ ქალაქ ვანაძორში, რომლის ვარსკვლავიც საბჭოთა კავშირის დაცემასთან ერთად ჩაესვენა.

ვანაძორის ხედი

ვანაძორის ხედი

ფოტო: Paul Vartan Sookiasian/OC Media

"აქ თითქმის არავინ საუბრობს ინგლისურად და არც ჩვენ შეგვეძლო სომხურად საუბარი, თუმცა ვიცოდით, რომ ვანაძორში გვინდოდა ცხოვრება", — ამბობს კიკი.

ცალკე ისტორიაა, როგორ აღმოჩნდნენ ისინი ვანაძორში.

2022 წლის 14 აგვისტოს დილას კიკის უცნაური განცდა გაუჩნდა, რომ ერევნიდან დაუყოვნებლივ უნდა წასულიყნენ. ის დაჟინებით სთხოვდა ნატალიას, გადაედო თავისი საქმეები სურმალოს ბაზარში და ამის ნაცვლად ვანაძორი მოენახულებინათ, ლორის პროვინციაში. ვანაძორში ჩასვლისთანავე შეიტყვეს, რომ სურმალოს ბაზარში აფეთქება იყო, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება საწყობში არასწორად შენახულმა ფეიერვერკებმა გამოიწვია.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო კიკი და ნატალია რამდენიმე დღის განმავლობაში ერევანში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. მათი ერთდღიანი მოგზაურობა საკმაოდ გახანგრძლივდა. ამასობაში, მეგობრებს ვანაძორი შეუყვარდათ და რესტორნის გახსნის იდეაც გაჩნდა.

ახალი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს მისი შემოსავლის წყაროა, კიკის საჭმელების მზადების გამოცდილება არ ჰქონია. მან ტრადიციული ლიბანური კერძების კეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახური დაკარგა და ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა.

ერევანში გადასვლის შემდეგ, კიკი ინგლისურის მასწავლებელი გახდა, ნატალიამ კი სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა. თუმცა, მუდმივად ჰქონდათ განცდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და იქ ბედნიერები არ იყვნენ.

ვანაძორში მოგზაურობის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნათელი გახდა და მალევე სწორედ ამ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. აქ იპოვეს სივრცე, რომელიც მათ საჭიროებებს შეესაბამებოდა და რემონტიც დაიწყეს.

2022 წლის ნოემბერში, კიკიმ და ნატალიამ გახსნეს Sajj Terouh Setté, რომელიც, როგორც ბევრი აღნიშნავს, მთელ სომხეთში ყველაზე ავთენტური ლიბანური რესტორანია.

მომხმარებლები მიირთევენ Sajj Terouh Sette-ში

მომხმარებლები მიირთევენ Sajj Terouh Sette-ში

ფოტო: Hranush Mashakaryan/OC Media

რესტორნის სახელში კარგად ჩანს ორი მეგობრის სურვილი, ცოტაოდენი ლიბანური შეეტანათ სომხეთში. "sajj" არის ღუმელი, სადაც საჯის პურს აცხობენ, "terouh" ერთდროულად კიკის ბებიის საკუთრების სახელი და ტერმინია, რომელსაც მთებს შორის დაგუბებულ წვიმის წყალს ეძახიან, setté კი ბებიას ნიშნავს.

"ბევრი მადლობას გვიხდის, რომ დავინახეთ ვანაძორის პოტენციალი", — ამბობს კიკი, — "აქაურობა ლიბანს მახსენებს, რადგან ყველა ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარეა, ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ."

მიუხედავად იმისა, რომ ვანაძორი სომხეთში სიდიდით მესამე ქალაქია და ამასთან ერთად, ყოფილი ინდუსტრიული ცენტრიც, მოსახლეობის რაოდენობა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თითქმის განახევრდა. ქალაქს განვითარების ნიშნები მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც დაეტყო.

მოსახლეობის კლება, ძირითადად, ამ პერიოდის ნაციონალურ ტენდენციებს ემთხვევა. მხოლოდ 2021 წელს სომხეთი 70 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, რაც ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა, მოსახლეობის ამგვარ გადინებას ახლა ბევრი ეწინააღმდეგება, მათ შორის, კიკი და ნატალია, რომლებიც სხვა ათიათასობით მიგრანტთან ერთად დასახლდნენ სომხეთში.

ცხოვრება თანდათან ვანაძორშიც იცვლება. Sajj Terouh Setté-თან ერთად სხვა ბევრი ახალი კაფეც გაიხსნა, რაც, საბოლოო ჯამში, სრულიად ახალ ატმოსფეროს ქმნის ქალაქში.

კიკის სჯერა, რომ სომხეთს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რომ აუცილებლად შეიცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა და ხალხი თავის სამშობლოში დარჩენას ამჯობინებს. მას იმედი აქვს, რომ სომხები, როგორც ქვეყანაში მყოფები, ისე უკვე წასულები, ერთ დღესაც სომხეთში შეამჩნევენ იმას, რასაც ის და ნატალია უკვე ხედავენ.

"მოდი, ვჭამოთ ლიბანური"

გასულ წელს, კიკიმ და ნატალიამ ვანაძორის მთავარ გამზირზე მიტოვებული საბავშვო ბაღი განაახლეს. მოკრძალებულ სასადილოში ცნობილი ლიბანელების ფოტოები და ქვეყნის ხედები დაკიდეს და გაუკეთეს ხის აბრა: "იალა ჰაბიბი, მოდით ვჭამოთ ლიბანური".

ნოემბერში, რესტორნის გახსნის დღეს, საჭმელი უფასო იყო. კიკიმ და ნატალიამ მიიწვიეს ყველა, ვისაც სომხეთში იცნობდნენ: მეგობრები ერევნიდან, ხორცის გამყიდველი, ელექტრიკოსი, ქალი, რომელიც წყლის მრიცხველის მონაცემებს იწერს.

"ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, რომ საჭმელი გაესინჯათ. თუ მოეწონებოდათ, ვიცოდით, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ", — ამბობს კიკი — "ეს შესანიშნავი იყო, რადგან ეს ადგილი ჩვენი პატარა შვილივითაა, ახდენილი ოცნებაა".

კიკი და ნატალი საჭმელს ამზადებენ

კიკი და ნატალი საჭმელს ამზადებენ

ფოტო: Hranush Mashakaryan/OC Media

რესტორნის ცენტრში არის საჯი, ლიბანიდან ჩამოტანილი გუმბათის ფორმის ცხელი ქვის გრილი, რომელზეც კერძები მზადდება: ხორცის ღვეზელი, ლაჰემ ბიაჯინი და ქათმის მწვადი. მენიუ ნულიდან შეადგინეს, მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით. ავთენტური გემოს მისაღებად კი სანელებლები ლიბანიდან შემოაქვთ.

მართალია, ვანაძორის მრავალი მაცხოვრებლისთვის ეს საკვები ახალი და უჩვეულოა, თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ ლიბანიდან ჩამოსული ეთნიკურად სომხებიც, რომლებსაც დიდი ხანი ენატრებოდათ ლიბანური კერძები. მათ შორის არიან ნატაშა კალფაიანი და მისი მეგობრები, რომლებიც მაისის დასაწყისში კვირას დღეს ეწვიენ რესტორანს, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში რეკლამა ნახეს.

"გაოცებული ვიყავით, როცა საჭმელი გავსინჯეთ", — ამბობს ნატაშა და თან აღნიშნავს, რომ ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როცა სომხეთში "ნამდვილი ლიბანური საჭმელი" იპოვა, 2006 წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყანაში გადავიდა.

"ერევანში არის ადგილები, რომელსაც ლიბანურს ეძახიან და კარგია, მაგრამ ის არ არის, რაც მე ვიცი. აქ კი ცომი, ზატარის გემო, ხრაშუნი ისეთია, გრძნობ, რომ სახლში დაბრუნდი".

მისი თქმით, სომხეთში ახლო აღმოსავლური რესტორნების უმრავლესობა უფრო სირიულია, ვიდრე ლიბანური, სხვადასხვა სანელებლებს იყენებენ და ქმნიან განსხვავებულ ატმოსფეროს. Sajj Terouh Setté კი ზუსტად ისეთ ლიბანურ გემოებს სთავაზობს, როგორიც მას სომხეთში არსად უნახავს, ლიბანური სოფლის კეშეკი, ბულგური და რძის წვნიანი.

"საჭმელი, რომლებსაც აქ ამზადებენ თითქოს უბრალოა, მაგრამ ძალიან რთულია ზუსტი გემოებს მიღება. ისინი თავიანთ სულს დებენ ამაში, ასეთია ლიბანური გზა", — აღნიშნავს ნატაშა.

Sajj Tarough Setté

Sajj Tarough Setté

ფოტო: Paul Vartan Sookiasian/OC Media

ასეთი შეფასებები მჭიდრო კავშირშია იმ მიზეზთან, რის გამოც კიკიმ რესტორანი გახსნა.

"როდესაც ერევანში ვცხოვრობდით, ვერ ვპოულობდით საჭმელად ნამდვილ ლიბანურ ადგილს, რამაც გული დამწყვიტა, რადგან ლიბანური საკვები გემრიელია", — განმარტავს კიკი.

ამიტომ გადაწყვიტეს, ასეთი "პრივილეგია" ვანაძორისთვის მიეცათ, რომელიც პირველივე ნახვისას შეუყვარდათ.

"ვანაძორში ვიზიტის შემდეგ, ჩვენი გულის ნაწილი იქ დარჩა", — ამატებს კიკი, — "ერევანში ერთი წელი ვიცხოვრეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდით, ვანაძორში კი ერთი თვის შემდეგ უკვე მთელი სამეზობლო გავიცანით".

სარესტორნო ბიზნესის განვითარებაზე გავლენა მოახდინე რუსმა მიგრანტებმა, რომლებიც რუსეთში არსებული პოლიტიკური არეულობისა და ეკონომიკური სანქციების გამო სომხეთში ჩავიდნენ.

"გარდა სომხურისა, ჩვენ რუსულსაც ვსწავლობთ", — აღნიშნავს კიკი, — "ჩვენი რესტორნის მომხმარებლების 60% რუსები არიან, რომლებიც ომის გამო აქ ცხოვრობენ".

კიკი ასევე ამბობს, რომ რუსები ბევრად უფრო დაინტერესებული არიან კულინარიით, ვიდრე ადგილობრივი სომხები.

ის ცდილობს თავისი საყვარელი კერძები გააცნოს იმ ხალხს, რომლებსაც ამის შესაძლებლობა სხვაგვარად არ ექნებოდათ. ასე ის თავის სამშობლოსთან კავშირსაც ინარჩუნებს.

"აქ ჩემი პატარა ლიბანი მოვაწყვე", — ამბობს კიკი, — ლიბანი, რომელიც მიყვარს და მინდა ყოველთვის მახსოვდეს, რომელიც მსურს, რომ სხვა ადამიანებმაც აღმოაჩინონ".

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.