რა ხდება: სტიქიას გურიაში, სოფელ ჯუმათში, არასრულწლოვანი ემსხვერპლა — გრძელდება კიდევ 2 დაკარგულის ძებნის სამუშაოები.

  • რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

დეტალები: უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

  • დატბორილია საველე სავარგულები და წაქცეულია ხეები.

შსს მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ მათ მითითებებს.

  • "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები", — აცხადებენ ისინი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 112-დან 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

  • უწყებაში ამბობენ, რომ სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებია მობილიზებული.
  • "მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება", — ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ლანჩხუთის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი: 599058700.

  • "დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სოფლებში იმყოფება ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

  • დროებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.
  • მეწყრის გამო მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზეც.