რა მოხდა: 12 სექტემბერს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 წლის წინ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსებაზე.

  • მათი ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი თბილისში "უპრეცედენტო შეთავაზებით" ჩამოვიდა.
  • ტელეკომპანიის სიუჟეტში ნათქვამია, რომ აშშ მზად იყო საქართველოში ამერიკული, სრულფასოვანი სამხედრო ბაზა გაეხსნა.
  • მათი ცნობით, ეს იქნებოდა 1 800 ჯარისკაციანი კონტინგენტი, რომელიც — მათივე ცნობით, პირდაპირ იქნებოდა პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე მთავარი არხის სიუჟეტში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აშშ-ს ჰქონდა "შეხვედრათა რაუნდები" ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არჩია რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა.

სიუჟეტს გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარეც.

  • ირაკლი კობახიძემ არ გასცა კონკრეტული პასუხი კითხვას, შეესაბამება თუ არა აღნიშნული სიმართლეს, თუმცა თქვა, რომ ინფორმაციის წყარო არასერიოზულია.
  • მისი თქმით, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტი და "ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არის ნატოს წევრობა".

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული ამბავი "შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს".

  • მათი თქმით, ინფორმაცია გავრცელებულია პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ და გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.
  • სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, დაეყრდნოს გადამოწმებულ ინფორმაციას.