ეროვნული ბანკის საბოს წევრმა, პაპუნა ლეჟავამ ფეისბუქგვერდზე განცხადების ასლი გამოაქვეყნა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

დეტალები: ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების საკითხში გამონაკლისის დაშვებას.

  • უწყების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ლეჟავამ ელექტრონულად აცნობა განცხადების დაწერაზე.
  • მისი თქმით, ეს სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალი არის.
  • "მე იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს", — თქვა მან.
  • დამაზუსტებელ კითხვაზე, ანუ ლეჟავა არ დაეთანხმა თურნავას პოზიციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა: "თქვენ შეგიძლიათ, მას გაესაუბროთ".

რა ხდება: 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალ პაკეტზე განაცხადა — სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.

  • დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ონიშჩენკომ და FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
  • 18 სექტემბერს, ბიემჯიმ გაავრცელება ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
  • ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა.
  • მისი თქმით, უცხოელს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული კომერციული საქმიანობა, მაგრამ "როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს".
  • კრიტიკის შემდეგ, 19 სექტემბერს, სებ-მა გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ.
  • ცვლილება იმეორებს კობახიძის რიტორიკას და გულისხმობს გამონაკლისის დაშვებას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.
  • ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
  • ბრძანებას ხელს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აწერს და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
  • დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ეს არ არის მიმართული ვინმეს დაცვისაკენ და ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

სებ-ის ბრძანებას გამოეხმაურა ორი უმსხვილესი ბანკი ქვეყანაში, თიბისი და საქართველოს ბანკი.

  • "ჩვენ ვიყავით და ვრჩებით აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისობაში", — უთხრეს On.ge-ს თიბისი ბანკში.
  • "ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", — უთხრეს On.ge-ის საქართველოს ბანკში.
  • გარდა ამისა, დღეს 17:00 საათზე ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა — ეს მოწოდება რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა გააჟღერა.
  • თიბისის დამფუძნებელი, ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ შეცვალა 2 დღეში გადაწყვეტილება.
  • ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები და პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი, რადგან მან ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ.