22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრები, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს.

რა მოხდა: ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პარტიის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • ეძგვერაძის მხარდასაჭერად და მომხდართან დაკავშირებით პოლიციის უმოქმედობის გასაპროტესტებლად ადგილზე ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა მივიდნენ.
  • ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს და ამ დრომდე იზოლატორში იმყოფებიან.
  • შსს-ს განცხადებით, მათთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
  • ნაციონალური მოძრაობა ეძგვერაძეზე თავდასხმას ქართულ ოცნებას უკავშირებს.
  • ეძგვერაძე ამბობს, რომ ამ თავდასხმის უკან ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძეა.
  • "ეს კონკრეტული პიროვნება, ზარნაძე არის დაახლოებული აი ამ ზონდერ-ჯგუფებთან, ზონდერები, ქართული ოცნების აქტივისები, მხარდამჭერები, ყველა შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო, ყველა შემიძლია ვთქვა ვინ იყვნენ. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეოდნენ ასე, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", — თქვა ეძგვერაძემ საავადმყოფოდან პირდაპირი ჩართვისას.
  • საკრებილოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, "ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც დაიწყო საკრებულოში".

რა მოხდა საკრებულოში: გლდანში თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ეძგვერაძე და ზარნაძე საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

  • ზარნაძემ ეძგვერაძეს საქრთველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ესროლა.
  • ეძგვერაძის მიერ მასზე თავდასხმაში ზარნაძის დადანაშაულების შემდეგ, ფორმულა ზარნაძეს დაუკავშირდა.
  • "ქალაქიდან გასული ვარ, შემიძლია მივიდე და ვნახო. რას ამბობთ, კაცო, რა ცემა. ცხოვრებაში არ მიჩხუბია, რას ამბობთ", — უთხრა ზარმაძემ ფორმულას.